აშშ-ის შეიარაღებული ძალების თანახმად, 5 თებერვალს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, აღადგინონ მაღალი რანგის სამხედროთა შორის დიალოგი, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაშია შეჩერებული, იტყობინება Reuters-ი.
„კომუნიკაციის ეს არხი შეჩერდა 2021 წლის შემოდგომაზე, კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე“, - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გულისხმობდა.
„ხელახლა აღდგენა მოჰყვა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ალექსუს გ. გრინკევიჩსა და რუს და უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის“, - წერს სარდლობა დოკუმენტში.
„პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნისკენ ჯარედ კუშნერისა და სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მიერ ბოლო კვირის განმავლობაში მიღწეული პროდუქტიული და კონსტრუქციული პროგრესის შემდეგ, აშშ და რუსეთის ფედერაცია დღეს აბუ-დაბიში შეთანხმდნენ მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამის ფონზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუ აშშ კონსტრუქციულად უპასუხებს მის წინადადებას, დაიცვას ბირთვული იარაღის შესახებ დაწესებული შეზღუდვები „ახალი START-ის" თანახმად, რომელსაც ვადა ეწურება.
“თუ რაიმე კონსტრუქციული პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ დიალოგს გავმართავთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ფორუმი