სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პროევროპული აქციების მიმდინარეობისას თბილისში სათვალთვალო კამერების დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დღეს, 6 თებერვალს, გამოაცხადა.
მოსამართლემ მოიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მსგავსი დასაბუთება, რომ მუსელიანცი დაკავების დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა - კანონმდებლობით კი, პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ მსჯავრს ემატება ერთი წელი.
არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას ედავებოდნენ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულ დაზიანებას და მისთვის ცეცხლის წაკიდებას, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.
როგორც საქალაქო სასამართლოში 2025 წლის ზაფხულში მიმდინარე ერთ-ერთ სხდომაზე პროკურორმა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განმარტა, მუსელიანცის მოქმედებით დაზიანდა სატელეკომუნიკაციო კარადა, "რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი... 534 ლარის ზიანია, როგორც ეს ექსპერტმა განსაზღვრა, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით", - თქვა პროკურორმა.
სააპელაციო სასამართლოსგან დაცვის მხარე მუსელიანცის გამართლებას მოითხოვდა, პროკურატურა კი სასჯელის დამძიმებას.
არჩილ მუსელიანცი თავდაპირველად 2024 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი მაშინ ამბობდა რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლატორიდან იზოლატორში ეძებდა და როცა საბოლოოდ დიღმის მესამე სამმართველოში მიაკვლია, უკვე სისხლის სამართლის წესით დაკავებული დახვდა.
საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც Postv-მ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უკიდებს სახედაფარული მოქალაქე ცეცხლს კაბელებს.
ფორუმი