თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება“ არ მიღებულა.
„დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ განაცხადა, რომ მიქანაძემ ბევრჯერ თქვა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია“, თუმცა:
„ბოლოს უკვე მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენც ვიფიქრებთ შეჯერებულ ვარიანტზე და თქვენც იფიქრეთო“.
ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება გაერთიანებას.
„სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია“, - თქვა შეხვედრაზე მყოფმა კიდევ ერთმა პროფესორმა, თსუ-ს ლექტორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა:
„ჩვენი თხოვნაა ბატონ პრემიერ-მინისტრისადმი და ბატონ გივი მიქანაძისადმი, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ორივე უნივერსიტეტიდან, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ“.
„ჩვენ ჩვენი წინადადებები კონსტრუქციულად წავუყენეთ, ვთხოვეთ, ვუთხარით, სად რა პრობლემებია. მათ ეს გაითვალისწინეს, ისაუბრებენ, გაიაზრებენ და შემდგომ უკვე იქნება შეჯერებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.
- 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.
- აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
- ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს. 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
- განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.
- საუნივერსიტეტო განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
ფორუმი