Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯაშუშობაში" ბრალდებული გალელი მასწავლებლის საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცა

ფოტო არქივიდან: ე.წ. უზენაესი სასამართლოს შენობა სოხუმში
ფოტო არქივიდან: ე.წ. უზენაესი სასამართლოს შენობა სოხუმში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "უზენაეს სასამართლოს" განსახილველად გადასცა გალის რაიონის მკვიდრის, შალვა ხიზანიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

ხიზანიშვილს "ჯაშუშობაში" ადანაშაულებენ.

"სასამართლოს" ცნობით, ხიზანიშვილს "ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „ჯაშუშობა“ (რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) და „იარაღის უკანონო შეძენა, გადაცემა, გაყიდვა, შენახვა, გადაზიდვა ან ტარება“ (რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ე.წ. სასამართლო საქმის განხილვას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხიზანიშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში. დე ფაქტო სამსახურის მტკიცებით, დაკავებულის სახლში აღმოაჩინეს თოფი საბრძოლო მასალებით, სამხედრო ზურგჩანთა სურსათით, ქართული დოკუმენტები, ნაღდი ფული და საბანკო ბარათები. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სახლის მიმდებარედ ნაპოვნია შეკვრა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა.

სოხუმში ირწმუნებიან, რომ შალვა ხიზანიშვილმა დაადასტურა კონტაქტები ქართულ სპეცსამსახურებთან, მის ტელეფონში აღმოჩნდა მიმოწერა „უკრაინული მობილური ოპერატორის აბონენტთან, საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელ ტარიელ ფიფიასთან“. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებითვე, ხიზანიშვილმა აფხაზეთში დისლოცირებულ ერთ-ერთ რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს გადაუღო ვიდეო, რისთვისაც ფულადი ანაზღაურება მიიღო, მოგვიანებით კი მას გადასცეს ასაფეთქებელი მოწყობილობა.

არცერთი ეს ინფორმაცია სანდო წყაროებით დადასტურებული არ არის და მისი გადამოწმება დამოუკიდებლად ვერ ხერხდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხიზანიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრეს „ჯაშუშობისა“ და „იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას” უთხრეს, რომ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი", ყველა საჭირო არხი ჩართულია და მიმდინარეობს დეტალების დადგენა.

გალის რაიონის სკოლის მასწავლებლის, 39 წლის შალვა ხიზანიშვილის დაკავების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტრომ კამპანია დაიწყო მასწავლებლების წინააღმდეგ, რომლებიც "თბილისთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი". ითქვა, რომ სამსახურში დატოვებენ მხოლოდ „ქვეყნის ინტერესების“ ერთგულებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG