იუწყებიან, რომ ამერიკელი სამხედროები ავიდნენ ხომალდზე Aquila II, ინდოეთის ოკეანეში. მას თითქმის სამი კვირის განმავლობაში მისდევდნენ - კარიბის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე.
აშშ-ის ომის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ხომალდი მოქმედებდა "პრეზიდენტ ტრამპის მიერ კარიბის ზღვაში მყოფი, სანქციების სიაში მოხვედრილი ხომალდებისთვის დაწესებული კარანტინის უგულებელყოფით".
ეჭვობენ, რომ ხომალდს ვენესუელის ნავთობი სანქციების დარღვევით მიჰქონდა ჩინეთში. ხომალდი სანქციების სიაში მოხვდა როგორც ნაწილი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტისა". ჯერჯერობით არ არის ცნობები იმაზე, ეკიპაჟის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეები თუ იყვნენ.
"ჩრდილოვან ფლოტს" მიაკუთვნებენ ხომალდებს, რომლებსაც რუსეთის ნავთობი და სხვა რესურსები გადააქვთ, დაცურავენ მესამე ქვეყნების დროშებით - თუმცა, დე-ფაქტო, მათ რუსეთი აკონტროლებს. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიებში ასობით ამგვარი ხომალდია შეტანილი. 9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის სანქციების ახალი, მეოცე პაკეტი ითვალისწინებს სრულ აკრძალვას მომსახურებაზე, რომელიც უკავშირდება რუსეთის ნავთობის საზღვაო მიწოდებებს, ასევე სიაში კიდევ 43 ხომალდის შეტანას - ევროკავშირი მათ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილად მიიჩნევს. ამ დამატებით ხომალდების საერთო რაოდენობა 640-მდე გაიზრდება.
იანვარში ამერიკელმა სამხედროებმა ჩრდილოეთის ზღვაში დააკავეს ტანკერი Marinera, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ირანიდან გავიდა და ვენესუელისკენ მიცურავდა. დევნის მომენტში ხომალდი ხელახალ რეგისტრაციაში გაატარეს რუსეთის კომპანიის სახელზე, კრემლმა აშშ-ს მოუწოდა შეეწყვიტა ხომალდის დევნა და ჩრდილოეთის ზღვაში გაგზავნა წყალქვეშა ნავი, ტანკერის თანმხლებად.
22 იანვარს დიდი ბრიტანეთი საფრანგეთს დაეხმარა ხმელთაშუა ზღვაში დაეკავებინა "ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდი Grinch-ი. ტანკერი მურმანსკიდან მიემართებოდა, დატვირთული იყო რუსეთის ნედლი ნავთობით და შეტანილი იყო აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და კანადის სანქციების სიებში.
დიდ ბრიტანეთში გამომავალი The Sunday Times წერს, რომ ამ ქვეყნის სამეფო საბრძოლო-საზღვაო ფლოტი თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე შექმნის საოპერაციო ცენტრს, რათა აკონტროლოს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდები ჩრდილოეთის ზღვაში. გამოცემის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ძალები მოიპოვებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ამგვარ ხომალდებს გადაიტაცებენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტანკერების დასაცავად კრემლმა დაიწყო საბრძოლო ხომალდების გაგზავნა ლა-მანშისა და დანიის სრუტეებში. კერძოდ, დასავლეთის დაზვერვამ ამ რაიონში აღრიცხა რუსეთის ბალტიის ფლოტის ორი ხომალდი, "ბოიკი" და "სოობრაზიტელნი", ასევე რუსეთის გამანადგურებელი ხომალდი "სევერომორსკი", რომელიც ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილია.
ფორუმი