Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თანახმად, მიუნხენის კონფერენციაზე მოსაწვევი მიიღო მთავრობამ

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოსაწვევი მიიღო. ამის შესახებ მან დღეს, 10 თებერვალს, მედიასთან საუბარში განაცხადა შესაბამისი შეკითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის კონფერენციას თავად არ დაესწრება, საზოგადოებისთვის კი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.

„შეიძლება იყოს მაკა ბოჭორიშვილი [საგარეო საქმეთა მინისტრი]. საზოგადოება გაიგებს ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, როცა იქნება საჭირო. მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე. მთავრობამ მიიღო მოსაწვევი. მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე", - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წელს 13-15 თებერვალს გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები.

აშშ-ის დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უხელმძღვანელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ამის შესახებ ფორუმის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა.

მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ევროპის სამომავლო შესაძლებლობა, უფრო მძლავრად წარდგეს საკუთარი შესაძლებლობებით და ერთიანი ხმით ილაპარაკოს, - ამბობს იშინგერი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თხუთმეტი პრემიერ-მინისტრი ან სახელმწიფოს მეთაური. ფორუმს გახსნის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ისრაელის ოფიციალური პირები. კონფერენციას ვირტუალურად მიმართავს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო.

შარშან საქართველოს მთავრობა არ მონაწილეობდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქვეყანას მოწვევა არ მიუღია.

2025 წელს მიუნხენის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

სალომე ზურაბიშვილი 2024 წელსაც იმყოფებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მას მოსაწვევი მიუვიდა საქართველოს მთავრობასთან ერთად. თუმცა კონფერენციაზე მთავრობას საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა.

2023 წელს კი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG