პოლიტიკოსების ნაწილი პატიმრობაშია, ნაწილს კი აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.
- სხდომას არ ესწრებოდნენ პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია და ელენე ხოშტარია („კოალიცია ცვლილებისთვის“). ასევე, გირაოთი გათავისუფლებული მამუკა ხაზარაძე („ლელო - ძლიერი საქართველო“);
- საქმის განხილვაში ჩაერთვნენ: პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“) და ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებისთვის“). ასევე, გირაოთი გათავისუფლებული გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ზურა ჯაფარიძე („კოალიცია ცვლილებისთვის“) და ბადრი ჯაფარიძე („ლელო - ძლიერი საქართველო“).
ადვოკატები მოითხოვდნენ, შეწყვეტილიყო საქმის წარმოება, რადგან იმას რასაც პროკურატურა დანაშაულად აფასებს, პოლიტიკური საქმიანობის ნაწილია.
„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ტრადიციად იქცა პროკურატურის და სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური ნიშნით. ეს საქმე ნამდვილად განსხვავდება ყველა სხვა პოლიტიკური საქმისგან თავისი შინაარსის გათვალისწინებით. რეალურად, ამ საქმეში არაფერი არ არის, რაც შეიძლება დანაშაულად იქნეს მიჩნეული. ამის მიუხედავად, არ მაქვს დიდი მოლოდინი“, - თქვა სასამართლო სხოდომაზე ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
რას ედავებიან პოლიტიკოსებს
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
- ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
- ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
- მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.
პოლიტიკოსებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
- ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
პროკურატურის მოთხოვნით, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული. დანარჩენი პოლიტიკოსები კი სხვა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო პატიმრობაში რჩებიან.
ფორუმი