Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ფოტოზე: ზორან მილანოვიჩი (მარცხნივ) და მიხეილ ყაველაშვილი
ფოტოზე: ზორან მილანოვიჩი (მარცხნივ) და მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი. ნატოს და ევროკავშირის წევრი ხორვატიის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.

დელეგაციის წევრები არიან პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ზორან მილანოვთან ოფიციალური დახვედრის ცერემონია უკვე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მას „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

ყაველაშვილისა და მილანოვიჩის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, რომელიც 13 თებერვალს დასრულდება, ზორან მილანივიჩი შეხვდება „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს და სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა

ევროკავშირს 2024 წლიდან შეჩერებული აქვს საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები, ანტიდემოკრატიულად მიჩნეული კანონებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში სერიოზულ უკუსვლად შეფასებული ვითარების გამო.

ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესახებ. გუშინ, 11 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მანამდე მიღებული ახალი მექანიზმის ფარგლებში.

ხორვატიის შესახებ

ხორვატიამ ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობა 1991 წელს დატოვა და დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა. ნატოს წევრია 2009 წლიდან, ხოლო ევროკავშირის - 2013 წლიდან.

ახლა ხორვატია საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური და არმიის უმაღლესი მთავარსარდალია. ის პარლამენტის თანხმობით ნიშნავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.

ზორან მილანოვიჩის შესახებ

დასავლეთის მედია ზორან მილანოვიჩს პრორუსული პოზიციის პოლიტიკოსად მოიხსენიებდა უკრაინისადმი დამოკიდებულებისა და მუქარის გამო, რომ ვეტოს დაადებდა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მილანოვიჩი ევროკავშირის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეთა შორის იყო და აბსურდს უწოდებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. 2022 წლის იანვარში, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ზორან მილანოვიჩმა უკრაინას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა და განაცხადა, რომ მისი ადგილი ნატოში არ არის. ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი გამოიძახეს.

  • მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორიენტაციის ზორან მილანოვიჩი ხორვატიის პრეზიდენტია 2020 წლის თებერვლიდან;
  • მეორე ვადით აირჩიეს 2025 წლის იანვარში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად;
  • მილანოვიჩმა ხმების თითქმის 75%-ით გაიმარჯვა, რაც დამოუკიდებელი ხორვატიის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის მიერ მიღწეული ყველაზე დიდი შედეგია;
  • 2011-2016 წლებში ზორან მილანოვიჩი ხორვატიის პრემიერ-მინისტრი იყო;
  • 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.

მილანოვიჩმა იურისტის განათლება ზაგრების უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი - ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში.

მილანოვიჩმა 2024-25 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში კამპანია წარმართა პირადი თავისუფლებებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე აპელირებით.

ხორვატიაში საკმაოდ მაღალია მილანოვიჩის პირადი პოპულარობა, ის ხშირად აკრიტიკებს როგორც საკუთარი პოლიტიკური გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

მმართველი კონსერვატიული პარტიის, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ (HDZ) მწვავე კრიტიკოსი, ხშირად ადანაშაულებს მას კორუფციასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში.

მის განცხადებებში მთავარი აქცენტი კეთდება ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე და მიიჩნევს, რომ ტრადიციული პოლიტიკური ელიტები ზედმეტად არიან მიჯაჭვულნი ბრიუსელის საგარეო დღის წესრიგთან.

მილანოვჩის კრიტიკოსები, პოპულისტურად მიიჩნევენ მის ამგვარ განცხადებებს, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ევროკავშირთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას.

პრეზიდენტის როლი ხორვატიაში

ხორვატიის პრეზიდენტის თანამდებობა უფრო ცერემონიალურია, ვიდრე აღმასრულებელი, მისი ვალდებულებების უმეტესობა არ მოიცავს კონკრეტული პოლიტიკური პროგრამების განხორციელებას.

ლგბტ უფლებები

მილანოვიჩს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ხორვატიაში არავინ უნდა გრძნობდეს თავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო. მისი განცხადებით, ხორვატია უსაფრთხო და ღია საზოგადოება უნდა იყოს ლგბტქ+ ადამიანებისთვის.

2024 წელს ის ზაგრების პრაიდის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ხორვატია ერთნაირი სქესის მქონეთა პარტნიორობას აღიარებს, თუმცა ერთნაირი სქესის მქონე წყვილთა ქორწინება კონსტიტუციით აკრძალულია 2013 წლის რეფერენდუმის შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG