ის ირანს „ძალიან მძიმე“ შედეგებით დაემუქრა, თუ თეირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ მოხდება.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან მძიმე იქნება. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ამ საკითხზე წინა დღეს გამართული საუბრის შესახებ ჰკითხეს.
ისრაელის პრემიერმა ტრამპთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან „კარგი შეთანხმების“ პირობებს ქმნის, თუმცა ისრაელის ლიდერი სკეპტიკურად უყურებს ასეთი შეთანხმების ხარისხს.
ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მეშვიდედ ჩავიდა მას შემდეგ, რაც ტრამპი მეორედ შეუდგა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას. იგი ტრამპს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას ურჩევს.
„პრეზიდენტი თვლის, რომ ირანელებმა უკვე იციან, ვისთან აქვთ საქმე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში და განმარტა: „ის თვლის, რომ მის მიერ შექმნილი პირობები, იმ ფაქტთან ერთად, რომ მათ ნამდვილად ესმით, რომ შეცდომა დაუშვეს ბოლოს, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეიძლება კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შექმნას.“
ისრაელის პრემიერმა იქვე დასძინა, რომ „არ დაგიმალავთ, რომ მე ზოგადი სკეპტიციზმი გამოვთქვი ირანთან ნებისმიერი შეთანხმების ხარისხთან დაკავშირებით“.„საქმე მხოლოდ ბირთვულ საკითხს არ ეხება“, - თქვა მან.
დონალდ ტრამპი თავდაპირველად თეირანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა, იანვარში დემონსტრაციების სასტიკად ჩახშობის გამო და დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ „დახმარება გზაშია“.
რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა, საუდის არაბეთმა და კატარმა მოუწოდეს შეერთებულ შტატებს, არ ჩაერიოს და ვაშინგტონს და თეირანს მიმართეს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.
2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაიწყო ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.
ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა, მოკლულია რამდენიმე ათასი ადამიანი.
აშშ-მა ბოლო კვირებში სპარსეთის ყურეში დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი.
ფორუმი