კონფერენციაზე მიწვეული არიან ასევე მსოფლიოს ასი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, სულ ათასამდე სტუმარი 120 ქვეყნიდან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მეთაურობს. რუბიო მიუნხენში, ამერიკელი კონგრესმენების დიდი ჯგუფთან ერთად, 13 თებერვალს ჩავა.
მოელიან, რომ ევროპაზე ზეწოლა შენარჩუნდება, თუმცა რუბიოს ტონი ნაკლებად კონფრონტაციული იქნება გასულ წელთან შედარებით.
13 და 14 თებერვალს მიუნხენში რუბიო, სავარაუდოდ, გააგრძელებს ზეწოლას, რათა ევროპამ გაიზიაროს ტვირთი, განსაკუთრებით საერთო თავდაცვის საკითხებში.
დღის წესრიგში იქნება ტრანსატლანტიკური ერთიანობის მდგრადობა, ირანი, სირია, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა და ომი უკრაინაში, ასევე მოსკოვთან კავშირები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტს იწყებს, განაცხადა, რომ იმედოვნებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების განახლებას.
ამ ეტაპზე, ასეთი მოლაპარაკებები მხოლოდ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის იმართება. მიუნხენში მოეწყობა არაერთი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებს შორის.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
მიუნხენის შეხვედრები გაიმართება მანამდე რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტრამპი 19 თებერვალს ვაშინგტონში თავისი ე.წ. მშვიდობის საბჭოს საინაუგურაციო სესიას მოიწვევს.
თავდაპირველად ტრამპმა საბჭო ომისშემდგომი ღაზის მართვისთვის შექმნა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მისი მოქმედების არეალი შესაძლოა პალესტინის ტერიტორიას გასცდეს.
რუბიო მიუნხენიდან სლოვაკეთში, შემდეგ კი უნგრეთში გაემგზავრება. ორივეს მართავენ ნაციონალისტი ლიდერები, რომლებმაც ტრამპის მხარდაჭერა დაიმსახურეს.
გერმანია კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 5000 პოლიციელს განათავსებს, მათ შორის გაძლიერებულ ძალებს მეზობელი ქვეყნებიდან.
კონფერენციის დღეებში მიუნხენში გაიმართება 21 დემონსტრაცია, მათ შორის ირანის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებისა.
ღონისძიების დროს მიუნხენის საჰაერო სივრცე დაიხურება თვითმფრინავებისთვის, მათ შორის დრონებისთვის.
ფორუმი