დაკავებულთაგან ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ,,ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალიდან 800 ლარამდე თანხა წაიღო.
2010, 2008 და 2009 წლებში დაბადებული არასრულწლოვანებიდან ერთი-ერთი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული პოლიციის მიერ ქურდობაშია მხილებული.
სამივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
წაყენებული ბრალი 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორია არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში?
საჯაროდ იძებნება საქართველოს პროკურატურის ბოლო ანგარიშში თავმოყრილი მონაცემები, რომელთა თანახმად:
2024 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოიყენეს 1084 პირის მიმართ, საიდანაც 674 (62%) არასრულწლოვანი იყო. დანარჩენი 410 (38%) კი, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი.
ამავე 2024 წლის წლის სტატისტიკით, განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 11640-ია.
მათგან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო 674 არასრულწლოვანი (58%) - ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.
2023 წელს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 1010 იყო, საიდანაც განრიდების/განრიდება-მედიაციის პროგრამაში 54% (544 არასრულწლოვანი) ჩაერთო.
განრიდება ძირითადად გამოიყენეს ქურდობის საქმეებზე.
- 2024 წლის მონაცემების მიხედვით, სულ განრიდებული 674 არასრულწლოვანიდან მხოლოდ 26-მა პირმა (3,8%) ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული.
- პროკურატურის სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სულ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებებიდან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 28,1% შეადგინა.
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 3%-ით მომატებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. შესაბამისად, გაზრდილია არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლებიც.
განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ეფუძნება.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებს:
- 2020 წელს არასრულწლოვანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ გამოტანილა.
- 2021 წელს გამამართლებელი განაჩენი სასამართლომ გამოიტანა 1 საქმეზე 3 არასრულწლოვანის მიმართ
- 2022 წელს - 5.
- 2023 წელს - 2, ხოლო
- 2024 წელს - 3 არასრულწლოვანის მიმართ.
2024 წელს ასევე გაზრდილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არასრულწლოვანის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
არასრულწლოვანთა დანაშაულების შესახებ 2025 წლის შეჯამებული სტატისტიკა პროკურატურის ვებსაიტზე ჯერჯერობით არ იძებნება.
ფორუმი