Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპამ უკრაინის გარშემო მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს

ვანგ ი-ს და ანდრი სიჰიბას შეხვედრა მიუნხენში. 13 თებჰერვალი, 2026 წელი
ვანგ ი-ს და ანდრი სიჰიბას შეხვედრა მიუნხენში. 13 თებჰერვალი, 2026 წელი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ, 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მან ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირისა და მის ქვეყნების რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლების იდეას, რაც ბოლო დროს არაერთმა ლიდერმა, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გამოთქვა.

„რადგან კონფლიქტი სწორედ აქ, ევროპაში, დაიწყო, ევროპას აქვს სრული უფლება, შესაბამის დროს მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში“, - განაცხადა ვანგ იმ. „ევროპა "მენიუში" არ უნდა იყოს, ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს“, - განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა წარმოადგინოს თავისი იდეები და გეგმები მოგვარების შესახებ. თუმცა, მას კომენტარი არ გაუკეთებია ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკაზე რუსეთისა და უკრაინაში ომის მიმართ.

ვანგ ი-ს თქმით, ახლა ომის დასრულების „შესაძლებლობის ფანჯარა” არსებობს და მხარეებმა „უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ყოვლისმომცველი, მდგრადი და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანგ ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიჰას შეხვდა, რის შემდეგაც სიბიჰამ განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ადრე კიევი ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთს, გამოთქვამდა ეჭვებს მისი პოზიციის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით და აცხადებდა პეკინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ომისთვის საჭირო მასალებით მომარაგებაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლისთვის ხელშეწყობას.

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა წინა დღეს მიუნხენში განაცხადა, რომ ჩინეთს სავარაუდოდ, შეუძლია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეჩერება, თუმცა ამას არ აკეთებს. „ჩინეთს შეუძლია ვლადიმირ პუტინს დაურეკოს და ეს ომი ხვალ დაასრულოს“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პეკინს შეუძლია შეაჩეროს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდება რუსეთში და შეწყვიტოს რუსული ენერგეტიკული პროდუქტების შესყიდვა.

ერთი დღით ადრე, ვანგ ი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენში შეხვდნენ ერთმანეთს. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრას „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდა. შეხვედრაზე განიხილეს აპრილში დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტის მზადება. თავის გამოსვლაში ვანგ იმ აღნიშნა, რომ აშშ-ში ზოგიერთი “ხმა” კვლავაც „ყველაფერს აკეთებს ჩინეთზე თავდასხმისა და ცილისწამებისთვის“. მან აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა შეერთებულ შტატებთან „პრაგმატული“ ურთიერთობებისთვის.


ფორუმი

XS
SM
MD
LG