Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

14 თებერვლის ღამეს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 112 დრონი და „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალები.

11 ადგილზე ჩამოაგდეს ან ჩაახშეს 91 დრონი. ღამის თავდასხმის სამიზნეები იყო კიევი და კიევის ოლქი, ოდესა და ჩერნიგოვის ოლქი. რუსეთის სამხედროებს არ გაუკეთებიათ კომენტარი დარტყმებზე; საბრძოლო მოქმედებების ფონზე მხარეების განცხადებების დამოუკიდებლად დადასტურება გართულებულია.


უკრაინის სხვადასხვა რეგიონში რუსეთის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, - იტყობინება „ნასტოიაშჩეე ვრემია“.

ზაპოროჟიეს რეგიონში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა, განაცხადა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა. დაზიანდა კერძო სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ოდესაში, დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა ერთსართულიანი საცხოვრებელი შენობის სახურავი, გაჩნდა ხანძარი, თავდასხმის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.


კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განაცხადა კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა.

სუმის ოლქში თავდასხმას ერთი ქალი ერთი ქალი ემსხვერპლა, და სამი ადამიანი დაშავდა, ნათქვამია რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ხერსონის ოლქში რუსული თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა, Telegram-ზე დაწერა.

ჩერნიგოვის რეგიონში რუსულმა დარტყმამ ნოვგოროდ-სევერსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა პრაქტიკულად გაანადგურა, განაცხადა მისმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სილვესტროვმა.

ნიკოლაევში რუსული თავდასხმების შედეგად თბოელექტროსადგური გაჩერდა, ხოლო „ნიკოლაევვოდოკანალი“ და „ნიკოლაევობლტეპლოენერგო“ ნაწილობრივ, გენერატორებზე გადავიდნენ. ამის შესახებ ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში 400 შენობაში გათბობა აღდგა. „კომუნალური მომსახურების თანამშრომლები მუშაობენ გათბობის აღსადგენად სხვა მაღალსართულიან შენობებში, რომლებიც 12 თებერვალს კიევის ინფრასტრუქტურაზე მტრის თავდასხმის შედეგად გათბობის გარეშე დარჩნენ. შეგახსენებთ, რომ მაშინ 2600 საცხოვრებელი შენობა დარჩა გათბობის გარეშე“, - წერს კლიჩკო.
Conflict Intelligence Team-ის გათვლებით, 2025 წელი უკრაინაში ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის წელი იქნება. ფრონტის ხაზის ორივე მხარეს, სულ ცოტა, 2919 მშვიდობიანი მოქალაქე (მათ შორის 96 ბავშვი) დაიღუპა, მათგან 2000-ზე მეტი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა. კიდევ 17775 ადამიანი დაიჭრა (მათ შორის 1000 ბავშვი). 2024 წელთან შედარებით, დაღუპულთა რიცხვი 12%-ით გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი — 25%-ზე მეტით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG