Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში გრძელდება აქციები პროდასავლელი პრეზიდენტის, პეტრ პაველის მხარდასაჭერად

ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდასაჭერად აქციები 1 თებერვლიდან დაიწყო
ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდასაჭერად აქციები 1 თებერვლიდან დაიწყო

ჩეხეთის ქალაქებში ისევ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდასაჭერად.

აქციების მონაწილეებმა პროდასავლელ პრეზიდენტს თანადგომა გამოუცხადეს მემარჯვენე-პოპულისტ, ევროსკეპტიკოს პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან გამწვავებულ კონფლიქტში.

პრეზიდენტ პაველის მხარდასაჭერად 15 თებერვალს აქციები გაიმართა ბრნოში, პარდუბიცეში, კარლოვი-ვარისა და სხვა ქალაქებში.

ორი კვირით ადრე, 1 თებერვალს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქცია, რომელშიც ორგანიზატორთა თანახმად, 90 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პრაღაში მომდევნო აქცია მარტში იგეგმება.

ჩეხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონფლიქტი გამოიწვია პრეზიდენტ პაველის უარმა, გარემოს დაცვის მინისტრად დაენიშნა მმართველი კოალიციის წევრი მემარჯვენე-პოპულისტური „ავტომობილისტების“ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ფილიპ ტურეკი.

პრეზიდენტმა უარი იმით ახსნა, რომ ტურეკის გამონათქვამები შეუთავსებელია მინისტრის თანამდებობასთან. ფილიპ ტურეკს რასიზმში, სექსიზმსა და ჰომოფობიაში ადანაშაულებენ.

ჩეხეთის პრეზიდენტმა ტურეკის დანიშვნაზე უარის გამო ზეწოლასა და შანტაჟში დასდო ბრალი „ავტომობილისტების“ პარტიის წევრს, საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრ მაცინკას. პეტრ პაველს მხარდაჭერა გამოუცხადეს პროევროპულმა პარტიებმა, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან.

  • ჩეხეთის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პეტრ პაველი ჩეხეთის პრეზიდენტია 2023 წლის მარტიდან.
  • მილიარდერი ანდრეი ბაბიში, რომელიც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2017-2021 წლებშიც, ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პაველმა 2025 წლის დეკემბერში დანიშნა მას შემდეგ, რაც შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ბაბიშის პარტიამ ANO ყველაზე მეტი ხმა(34,51%) მიიღო და კოალიცია შექმნა „ავტომობილისტების“ პარტიასა და ულტრამემარჯვენე პარტიასთან „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს კრიტიკით გამოირჩევა.
  • კოალიციას ჩეხეთის პარლამენტში 200-დან 108 ადგილი აქვს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG