Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაშია ეჭვმიტანილი

ჰერმან ჰალუშჩენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო 2021-2025 წლებში
ჰერმან ჰალუშჩენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო 2021-2025 წლებში

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციაშია ეჭვმიტანილი.

ჰალუშჩენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო 2021-2025 წლებში. ის მიიჩნევა მონაწილედ „მიდასის“ სახელით ცნობილი საქმის, რომელიც უკრაინის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ კორუფციას ეხება.

ჰერმან ჰალუშჩენკომ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა 2025 წლის ივლისში დატოვა და იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. ოთხ თვეში პარლამენტმა ჰალუშჩენკო იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადააყენა უკრაინის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის გამოვლენის გამო.

„მიდასის საქმეს" არაერთი თვეა იძიებენ უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციული პროკურატურა. ეჭვმიტანილია არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

ჰერმან ჰალუშჩენკო 15 თებერვალს დააკავეს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

ჰალუშჩენკოს დაკავებიდან მეორე დღეს, 16 თებერვალს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ „მიდასის“ საქმეზე ეჭვმიტანილთა წრე გააფართოვეს და გამოააშკარავეს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, რომელსაც ოჯახის წევრები ჰყავდა ჩართული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიების თანახმად:

  • „მიდასის“ საქმის მონაწილე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ინიციატივით, 2021 წლის თებერვალში კუნძულ ანგილიაზე(ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია კარიბის ზღვაში) დარეგისტრირდა ფონდი, რომელსაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის „ინვესტიციები“ უნდა მოეზიდა.
  • ფონდს სათავეში ჩაუყენეს სეიშელის კუნძულებისა და სენტ-კიტსის და ნევისის მოქალაქე, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფს უწევდა უკანონოდ მიღებული შემოსავლების გათეთრების მომსახურებას.
  • ფონდის „ინვესტორთა“ შორის იყვნენ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი ცოლი და ოთხი შვილი, აქციების შეძენის გზით მიღებული თანხები კი ირიცხებოდა შვეიცარიის სამ ბანკში.
  • ფონდის ანგარიშებზე, რომლებსაც ეჭვმიტანილი ექსმინისტრის ოჯახი განკარგავდა, გადარიცხული იყო 7,4 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო 1,3 მილიონი შვეიცარიული ფრანკი და 2,4 მილიონი ევრო მათ ხელზე აიღეს ან შვეიცარიაში გადაურიცხეს.

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ცნობითვე, თანხების ნაწილი დაიხარჯა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის შვილების სასწავლებლად შვეიცარიის პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ნაწილი ყოფილი ცოლის ანგარიშებზე განთავსდა, ნაწილი კი იქცა დეპოზიტად, საიდანაც ოჯახი დამატებით შემოსავალს იღებდა.

  • უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 2025 წლის10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია, რომელშიც ჩართული იყო დანაშაულებრივი ორგანიზაცია ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის ხელმძღვანელობით.





ფორუმი

XS
SM
MD
LG