პლენუმმა გადაწყვეტილება 12 თებერვალს მიიღო, თუმცა პრესსამსახურმა ინფორმაცია დღეს, 16 თებერვალს გაავრცელა.
სარჩელის შესახებ
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 25 დეკემბერს მიმართა. წარდგინებით ირკვევა, რომ მოსამართლე განიხილავდა ვიტალი პოპოვის საქმეს - დაკავებამდე ის მოქალაქეებს ლანძღავდა, პოლიციის მოწოდების შემდეგ კი მათ შეურაცხყოფა მიაყენა.
პოპოვმა საქმის განხილვის დროს ჩადენილი აღიარა, თუმცა თქვა, რომ „მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას ვერ გადაიხდა“.
მოსამართლის არგუმენტი
მოსამართლე ხუჭუა ფიქრობს, რომ კანონი მოსამართლეს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს ინდივიდუალურად განსაზღვროს სახდელის ზომა და „არ აღმოჩნდეს არაპროპორციული“.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მინიმალური სახდელის გამოყენების პირობებშიც კი, პირი დადგება, სულ მცირე, 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საფრთხის წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურმა მდგომარეობამ არ მისცა პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის შეფარდებული ფინანსური სანქციის გადახდის შესაძლებლობა“, - მიაჩნდა მოსამართლეს.
ის ფიქრობს, რომ კანონში არსებული მსგავსი ჩანაწერი არღვევდა კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის პრინციპს.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება
სასამართლოს განმარტებით, თეთრიწყაროს რაიონულმა მოსამართლემ არასწორად აღიქვა საკუთარი როლი, რომელიც მას საკონსტიტუციო წარდგინების გაკეთების შესაძლებლობას აძლევდა. გარდა ამისა, განმარტა, რომ საკითხი, რომლის გადაჭრასაც რაიონული სასამართლოს მოსამართლე ითხოვდა, მის წინაშე არ იყო დაყენებული.
ხუჭუას წარდგენილი ნორმები კონსტიტუციურია?
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. პლენუმმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვა მათი კომპეტენცია არ არის.
ფორუმი