Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა "შემდგომ ნაბიჯებზე მკაფიო წარმოდგენით"

აშშ-ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე: ბადრ ჰამად ალ ბუსაიდი, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ჟენევა. 17 თებერვალი, 2026
აშშ-ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე: ბადრ ჰამად ალ ბუსაიდი, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ჟენევა. 17 თებერვალი, 2026

ჟენევაში ომანის შუამავლობით, აშშ-ირანის დღეს გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე „მიღწეულია პროგრესი“.

არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ საგანგებო წარგზავნილი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი; ირანს - საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი.

ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, სიენენი იუწყება, რომ აშშ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ირანის მთავრობისგან ელოდება დეტალურ წინადადებას იმისათვის, რომ იმსჯელონ ორი მხარის პოზიციებს შორის არსებულ განსხვავებებზე.

როიტერსი ციტირებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩის: „სხვადასხვა იდეა იყო წარმოდგენილი, ისინი სერიოზულად იყო განხილული. საბოლოოდ, მოვახერხეთ ზოგადი შეთანხმების მიღწევა ზოგიერთ ძირითად პრინციპზე“

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალ-ბუსაიდიმ პლატფორმა X-ზე დაპოსტა, რომ „ჯერ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი“, თუმცა ირანმა და აშშ-მა მოლაპარაკებების ადგილი დატოვეს „მკაფიოდ განსაზღვრული მომდევნო ნაბიჯების“ ცოდნით.

სამშაბათს მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა უსაფრთხოების მიზნებით ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივ ჩაკეტვაზე. სრუტეში სამხედრო წვრთნებს აწარმოებდა ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსი.

თეირანმა მანამდე დაიმუქრა, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში კომერციული გემებისთვის ჩაკეტავდა სრუტეს, რაც დიდ ზეგავლენას იქონიებდა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე.

ტრამპის კომენტარს იმის თაობაზე, რომ ირანში "რეჟიმის ცვლილება" შესაძლოა საუკეთესო რამ იყოს, ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ უპასუხა:

"აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათი არმია მსოფლიოში უძლიერესია, მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს არმიას ზოგჯერ შეიძლება ისე მოხვდეს, რომ ფეხზე ვეღარ დადგეს".

ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ ვერ მოახერხებს ისლამური რესპუბლიკის განადგურებას.

აშშ-ს მოლაპარაკებების დღის წესრიგის გაფართოება და არაბირთვული საკითხების, მათ შორის ირანის სარაკეტო მარაგების მოცვაც უნდა, მაგრამ თირანი აცხადებს, რომ მას სურს მხოლოდ ბირთვული პროგრამის შეკვეცაზე მსჯელობა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ და არ აპირებს ურანის გამდიდრების სრულად შეწყვეტის განხილვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG