Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების დარღვევისთვის დაკავებული ტანკერის ქართველ კაპიტანს აშშ-ში ბრალი წაუყენეს - NYT

ტანკერი Marinera (Bella-1) 2026 წლის 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში დააკავეს
ტანკერი Marinera (Bella-1) 2026 წლის 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში დააკავეს

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ტანკერ Marinera-ს (Bella-1) კაპიტან ავთანდილ კალანდაძეს. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი იუწყება.

ტანკერი იანვარში ატლანტის ოკეანეში დააკავეს სანქციების დარღვევით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ავთანდილ კალანდაძეს ბრალად ედება ტანკერზე გაიანის დროშის აღმართვა, მაშინ, როცა გემი ამ ქვეყანაში დარეგისტრირებული არ ყოფილა, ტანკერის დაკავების აღკვეთის მცდელობა და გემის გაჩერებისა და ბორტზე აშშ-ის სანაპირო დაცვის ინსპექტორთა ასვლის მოთხოვნის შეუსრულებლობა.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა ქართულმა მხარემ ოფიციალური შეტყობინება ბრალის წაყენების შესახებ და ჩართულია თუ არა საკონსულო. პასუხი, მიღების შემთხვევაში, ამ ინფორმაციას დაემატება.

  • აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟში იყვნენ საქართველოს 6, უკრაინის 17, ინდოეთის 3 და რუსეთის 2 მოქალაქე. კაპიტნის და მისი თანაშემწის გარდა, ყველა გათავისუფლებულია.

2025 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ვენესუელისკენ მიმავალი და ამ ქვეყნიდან მომავალი სანქცირებული ტანკერების ბლოკადის ბრძანება, აშშ-ის სანაპირო დაცვამ კარიბის ზღვაში სცადა სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი ტანკერის, Bella 1-ის დაკავება, თუმცა ეკიპაჟმა კურსი მკვეთრად შეცვალა, ტანკერის სახელი Marinera-დ გადაკეთდა და გემი ხელახლა დარეგისტრირდა გაიანის დროშის ნაცვლად რუსეთის დროშით მცურავ საშუალებად.

ტანკერი, რომელმაც ვენესუელაში შეღწევა ვერ მოახერხა და გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო, ამერიკელებმა 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ტანკერი დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის სანაპიროსთან გადაიყვანეს.

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთიდან წაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ადგილობრივი სასამართლოსგან ითხოვდა კალანდაძის გაყვანის აკრძალვას და მის დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კანონმდებლობით.

როგორც BBC და Reuters-ი წერდნენ, 26 იანვარს სასამართლომ მართლაც შეაჩერა ავთანდილ კალანდაძის მიმართ რაიმე ქმედებების განხორციელება, სანამ მისი საქმე დეტალურად არ იქნებოდა განხილული, თუმცა მეორე დღეს პროკურორმა სასამართლოს აცნობა, რომ კაპიტანი და მისი პირველი თანაშემწე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ Munro-ზე იმყოფებიან და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლები დატოვეს.

ადვოკატმა აამერ ანვარმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა კალანდაძე „არსებითად გაიტაცეს“.

Bella 1-ის(Marinera) დაკავების შემდეგ, 7 იანვარს შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ სანქციების დარღვევისთვის ტანკერის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ ბრალს წაუყენებენ. ბონდის ინფორმაციით, ტანკერს ნავთობი გადაჰქონდა ვენესუელიდან და ირანიდან.

  • შეერთებულმა შტატებმა Bella 1-ს სანქციები 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა ირანული ნავთობი.

7 იანვარს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ Marinera-ს 2025 წლის 24 დეკემბრიდან ჰქონდა რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა და დაკავების დროს იმყოფებოდა ღია ზღვაში, სადაც თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმი მოქმედებს და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს ძალის გამოყენების უფლება სხვა სახელმწიფოში დარეგისტრირებული გემების მიმართ.

  • გამოცემამ, „ნოვაია გაზეტა ევროპა“, გაარკვია, რომ ტანკერი Marinera (Bella 1) ეკუთვნის რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ დარეგისტრირებულ კომპანია „ბურევესტმარინს“, რომლის დირექტორი და ერთადერთი მფლობელია მეწარმე ანექსირებული ყირიმიდან ილია ბუგაი. ის ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ბუგაი ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორიცაა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG