„ჩვენ არ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი. არ მოგვეპოვება დოქტრინა, რომელიც ამას გამორიცხავს, თუ ნატო საჭიროდ ჩათვლის, ჩვენი თავდაცვის გეგმების შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზეც განალაგოს, მაგალითად, ბირთვული იარაღი“, იმოწმებს ERR ცახნას სიტყვებს.
2025 წლის სექტემბერში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, თავის ტერიტორიაზე განათავსოს ბრიტანული გამანადგურებლები, რომლებსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი საკუთარი ბირთვული თავდაცვის სისტემის შექმნაზე მსჯელობს, რადგან შეერთებული შტატები, რომლის იარაღიც არის კონტინენტზე განლაგებული, აღარ არის სანდო სამხედრო პარტნიორი. საკუთარი ბირთვული იარაღი აქვთ მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. ბირთვული იარაღის შექმნის გეგმებზე ილაპარაკა პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმაც.
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში მასობრივი ევაკუაციის გეგმას ამუშავებენ: ქვეყნები ემზადებიან იმისთვის, რომ ევაკუაციამ შესაძლოა 1,2 მილიონამდე ადამიანი მოიცვას დაახლოებით 6,2-მილიონიანი მოსახლეობიდან.
გარდა ამისა, ქვეყნები გადიან ოტავის კონვენციიდან, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას: ნაღმების გამოყენება საზღვრის გასამაგრებლად იგეგმება, თუ რუსეთის შეჭრის საფრთხე აშკარა გახდება. ლიეტუვის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა მომავალ წელს დაიწყოს წარმოება.
კრემლი უარყოფს ევროპის ქვეყნებში შეჭრის გეგმებს. კერძოდ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს დეკემბერში განაცხადა. მან თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში „ქირურგიულად“ მოქმედებენ, მაგრამ ევროპის თავდასხმის შემთხვევაში „ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.
ფორუმი