საქმე ეხება 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.
სეულის სასამართლომ განაჩენი დღეს, 19 თებერვალს გამოიტანა. პროკურორი ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას ითხოვდა.
- 1997 წლიდან სამხრეთ კორეაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული.
65 წლის იუნ სოკ იოლმა თავი დამნაშავედ არ ცნო, რადგან მისი განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სეულის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ადვოკატები აპირებენ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ის ცნობით, დღეს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა კიდევ შვიდ ყოფილ მაღალჩინოსანს. მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრს 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ეროვნული პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს - 12 წლით.
- 2024 წლის 3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია.
- 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.
- საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.
იუნ სოკ იოლმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელი იყო „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. კონკრეტულად რა საფრთხე იყო ეს, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ომის მდგომარეობაშია, იუნ სოკ იოლს არ უთქვამს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია „საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა, პარლამენტს „დამნაშავეთა ბუდე" უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ახდენდა სახელმწიფოს ფუნქციების პარალიზებას, როცა ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულიდან ინტენსიურად ცდილობდა მთავრობის წამყვანი წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას.
დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც სამხრეთ კორეის პარლამენტში უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტი ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში დაადანაშაულა და გადადგომა მოსთხოვა, მისი უარის შემდეგ, 2024 წლის 14 დეკემბერს კი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა. 2025 წლის იანვარში იოლი დააკავეს.
ფორუმი