Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ პასპორტს პრობლემა აღმოაჩნდა

სამუშაო საათების დასრულების მიუხედავად, თბილისის იუსტიციის სახლს მუშაობა არ შეუწყვეტია. ახლა შენობაში 20-მდე მოქალაქე ელოდება პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის დაბეჭდვას.

მათ, ვინც თებერვალში აიღეს განახლებული პასპორტები, დღეს და გუშინ სერვისების განვითარების სააგენტოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ დოკუმენტი შესაცვლელია. რა წუნი აქვს განახლებულ დოკუმენტს, მათთვის არ უთქვამთ.

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში დოკუმენტის დაბეჭდვას ელოდება.

„გუშინ დაურეკეს მამიდაჩემს. მოდით, ეგ პასპორტი ჩაგვაბარეთ, ხარვეზიანია და ახალს დაგიბეჭდავთო. იკითხა, მხოლოდ ჩემია ხარვეზიანი თუ სხვებიცო. უპასუხეს, ვინც 4 და 5 თებერვალს აიღო, ყველასიო და ყველასთან ვრეკავთო.

დედაჩემთან და ჩემს ძმასთან არ დაურეკავთ, მაგრამ რადგან 23 თებერვალს მიფრინავენ, დღეს დილით დააბრუნეს დოკუმენტები. მე მათ დოკუმენტს ველოდები“, - ამბობს ციცქიშვილი.

მსგავსი ისტორია აქვს სალომე ლილუაშვილსაც. მან განახლებული პასპორტი იუსტიციის სახლიდან 12 თებერვალს გაიტანა. ფრენა ხვალ, 21 თებერვალს, აქვს, ამიტომ პასპორტის განახლება ეჩქარებოდა. გაფრენამდე ერთი დღით ადრე დაურეკეს და აცნობეს, რომ პასპორტი შესაცვლელია.

„ძველი პასპორტი დამატოვებინეს, ახალი დღესვე დამიბეჭდეს“, - ამბობს სალომე ლილუაშვილი. მას დამატებითი საფასური არ გადაახდევინეს.

ზუსტად რამდენ ადამიანს დასჭირდება განახლებული პასპორტის გამოცვლა, უცნობია. სერვისების განვითარების სააგენტოში რადიო თავისუფლებს უთხრეს, რომ „ხარვეზიანი დოკუმენტი არ დაბეჭდილა“. უწყებაში არ უპასუხეს კითხვას, რატომ იბარებენ მოქალაქეებს განახლებული პასპორტების შესაცვლელად.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სტანდარტული სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო უკავშირდება ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ასევე მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა“, - ამბობენ უწყებაში.

ქართული პასპორტი 10-წლიანი ვადით გაიცემა. 10 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის დამზადება 150 ლარი ჯდება, იმავე დღეს - 350 ლარი.

ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა 2025 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყო. ორი დღის წინ კი სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG