Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: აშშ-ისგან სადაზვერვო მონაცემების მიღება იმავე დონეზეა, თუმცა სხვა სახის დახმარება შემცირდა

ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 3 იანვარი, 2026.
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 3 იანვარი, 2026.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა AFP-ს და სხვა საკითხებთან ერთად შეეხო აშშ-სთანსადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას.

ეს გაცვლა რამდენიმე დღით შეწყდა 2025 წლის მარტში, მაგრამ ამის შემდეგ, მხარეთა განცხადების თანახმად, აღდგა. ამასთან, აშშ-მა შეწყვიტა უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება და იარაღის უსასყიდლოდ გადაცემა.

„ნამდვილად ვიღებთ საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან სადაზვერვო მონაცემებს, რომლებსაც ვითხოვთ. ვიღებთ სადაზვერვო მონაცემებს ამერიკელებისგან იმავე დონეზე, როგორც ყოველთვის,“ უთხრა ზელენსკიმ AFP-ს.

„ამერიკელები ყოველთვის გვაწვდიდნენ ბევრ ინფორმაციას, მაგრამ არა მთელს ინფორმაციას, რომლის მიღებაც სურთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს,“ დასძინა მან.

ამავე დროს ზელენსკიმ ილაპარაკა უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის პერსპექტივებზე. მისი თქმით, „მსურველთა კოალიცია“, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, უკრაინას სთავაზობენ ჯარების გაგზავნას ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. მისი სიტყვებით, კიევს სურს, რომ ეს ჯარები „ფრონტის ხაზთან ახლოს“ განლაგდნენ. „ცხადია, არავის არ უნდა ფრონტის ხაზზე დგომა და, რა თქმა უნდა, უკრაინას სურს, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად იდგნენ ფრონტის ხაზზე,“ მოჰყავს სააგენტოს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით.

ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიამ უკანასკნელ დღეებში 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ინტერვიუში მან ახსენა ზეწოლა, რომელსაც უკრაინა განიცდის როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის მხრიდან, რათა კიევმა დათმოს დონბასის რეგიონი. „ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: თუ გინდა, რომ ომი ხვალ დასრულდეს, დატოვე დონბასი,“ თქვა ზელენსკიმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG