Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალუჟნი პირველად მოჰყვა ზელენსკისთან კონფლიქტის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. დნეპრი, 7 ივლისი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. დნეპრი, 7 ივლისი, 2023.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ამჟამად უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი, პირველად მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიდი უთანხმოების შესახებ.

Associated Press-ისთვის 18 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში ზალუჟნიმ განაცხადა, რომ დაძაბულობა გაჩნდა მალევე მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა 2022 წლის თებერვალში და ის ეხებოდა ქვეყნის თავდაცვის მეთოდებს.

კონფლიქტი მკვეთრად გამწვავდა 2022 წლის ბოლოს, როცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ათობით თანამშრომელი შეეცადა, ჩხრეკა ჩაეტარებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის კაბინეტში. ზალუჟნიმ ამას დაშინების აქტი უწოდა. „ერმაკს (მაშინ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი) ვუთხარი, რომ მოვიგერიებ ამ თავდასხმას, ვინაიდან ბრძოლაში ვერკვევი,“ იხსენებს ზალუჟნი, როგორ დარეკა რეიდის დროს ზელენსკის ოფისში. მაშინ მან განაცხადა, რომ მზად არის, სამხედროები გამოიძახოს კიევის ცენტრში სამეთაურო პუნქტის დასაცავად.

გენერალსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება გაგრძელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაგეგმვის დროს. ზალუჟნი ამტკიცებს, რომ უკუგდებულ იქნა მისი გეგმა, რომელიც „ერთიანი მუშტის“ შექმნას ითვალისწინებდა ზაპოროჟიეს ოლქში აზოვის ზღვისკენ გარღვევისთვის. წარმატებისთვის საჭირო იყო ტაქტიკური მოულოდნელობა და ძალების კონცენტრაცია, რათა გადაეჭრათ სახმელეთო დერეფანი ყირიმის მიმართულებით, აღნიშნა ყოფილმა მთავარსარდალმა. მისი თქმით, ამის ნაცვლად ზელენსკიმ და სხვა ჩინოვნიკებმა არ გამოყვეს საჭირო რესურსები და ჯარები ფართო ფრონტზე გაფანტეს, რამაც გამოიწვია დამრტყმელი ძალის შესუსტება და ოპერაციის ჩავარდნა.

2024 წლის თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაათავისუფლა ზალუჟნი და ის ლონდონში გაუშვა ელჩად. ანალიტიკოსების აზრით, ამით პრეზიდენტმა მოიშორა თავისი პოლიტიკური კონკურენტი. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჰიპოთეზურ საპრეზიდენტო არჩევნებში ზალუჟნი უსწრებს ზელენსკის (23% 20%-ის წინააღმდეგ). თავად ზალუჟნი უარს ამბობს პოლიტიკურ ამბიციებზე ლაპარაკზე, სანამ ომი დამთავრდება.

ზალუჟნიმ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ 2025 წლის გაზაფხულზე მას მიმართა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტტექნოლოგმა, პოლ მანაფორტმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, და საარჩევნო კამპანიაში დახმარება შესთავაზა გენერალს.

„მადლობა ვუთხარი ყურადღებისთვის, მაგრამ ვუპასუხე, რომ არ მჭირდება მისი დახმარება,“ აღნიშნა ზალუჟნიმ. ადრე მანაფორტი გაასამართლეს უკრაინის პრორუსული ორიენტაციის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების უკანონო ლობირებისთვის, მაგრამ მოგვიანებით ტრამპმა შეიწყალა ის.

ზალუჟნის თანახმად, დღეს კიევის სტრატეგიის საკვანძო პრობლემა არის არარეალისტური მოლოდინები უკრაინის ჯარების ამჟამინდელი რაოდენობის პირობებში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG