Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ის თანახმად, ირანში სულ ცოტა 30 აქტივისტს ემუქრება სიკვდილით დასჯა

საპროტესტო გამოსვლები ირანში. თეირანი, 8 იანვარი, 2026.
საპროტესტო გამოსვლები ირანში. თეირანი, 8 იანვარი, 2026.

ირანში სულ მცირე 30 აქტივისტს ემუქრება სიკვდილით დასჯა ბოლო დროს ქვეყანაში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო.

ამის შესახებ DPA იტყობინება შაბათს ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ერთი ღდით ადრე Amnesty International-ი იტყობინებოდა უკვე გამოტანილ რვა სასიკვდილო განაჩენზე. 22 სხვა საქმეში, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილება, ბრალდებულებს შორის არის ორი არასრულწლოვანი.

ირანის სასამართლო ხელისუფლებას ოფიციალურად სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.

Amnesty International-ი ირანის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს სიკვდილით დასჯის გამოყენებაში დისიდენტობის ჩასახშობად. „ირანის ხელისუფლება იარაღად იყენებს სიკვდილით დასჯას და ცდილობს, შიში ჩაუნერგოს და სულიერად დათრგუნოს ადამიანები, რომლებიც ფუნდამენტურ ცვლილებებს ითხოვენ,“ განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთის რეგიონული დირექტორის მოადგილემ, დიანა ელტაჰავიმ.

იანვრის პირველ ნახევარში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად ჩაახშეს ქვეყანაში დეკემბრის ბოლოს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები. ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს, Human Rights Activists News Agency-ის (HRANA), ცნობით, 7000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ძალოვანი სტრუქტურების 200-ზე მეტ თანამშრომელს. ასევე დააკავეს დაახლოებით 53 500 ადამიანი.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომლებიც თავდაპირველად ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული, ირანში ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ გამოსვლებად მიიჩნევა. შაბათს, 21 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ ირანის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ახალმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში. საქმე ეხება თეირანის შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. სტუდენტური საინფორმაციო ბიულეტენი იუწყებოდა შეტაკებების შესახებ გასამხედროებულ დაჯგუფება ბასიჯთან, რომელიც ირანის ელიტური ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ნაწილია.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში იანვრის მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს. თეთრი სახლის მეთაური თავად დაემუქრა ირანს დარტყმით, თუ ქვეყნის ხელისუფლება დაიწყებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტების სიკვდილით დასჯას.

თებერვლის შუა რიცხვებში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა „საუკეთესო რამეა, რაც კი შეიძლება მოხდეს“. ეს განცხადება გაკეთდა ამჟამად რეგიონში ამერიკული სამხედრო ყოფნის ზრდის ფონზე. მათ შორისაა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდები Gerald Ford და Abraham Lincoln. პირველი რეგიონისკენ მიემართება, მეორე კი უკვე განლაგებულია იქ. ირანის უზენაესმა ლიდერმა, დიდმა აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ აშშ-ისმხრიდან მისი მთავრობის დამხობის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება.

პარასკევს ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ის განიხილავს ირანის წინააღმდეგ შეზღუდულ სამხედრო დარტყმას, რათა ზეწოლა მოახდინოს მის ლიდერებზე და მიაღწიოს შეთანხმებას თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. დასავლელ ლიდერებს აქვთ ეჭვი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, რასაც თეირანი უარყოფს.

ამ კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო „ალბათ მომდევნო 10 დღეში“ გაიგებს, მიღწეულ იქნება თუ არა შეთანხმება ირანთან, თუ აშშ სამხედრო ზომებს მიმართავს.

ვაშინგტონში ექსპერტების აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში კრიზისი კრიტიკულ ზღვრამდეა მისული, მშვიდობის ან ომის შანსები ამჟამად „50-50“-ია. ამასობაში, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამზადებს დამატებით წინადადებებს აშშ-სთან ბირთვულ განვითარებაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამავე დროს თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ისინი აძლიერებენ თავიანთ სამხედრო ობიექტებს, ხოლო ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა მუქარა აშშ-ის ჯარების მისამართით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG