შაბათს სოხუმის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს აფხაზი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეშსოუ კაკალია, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.
რა ვითარებაში დაიჭრა კაკალია, ამის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის გარემოებებს იძიებენ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და გამოცხადებულია დაკავების გეგმა. ასევე აღინიშნა, რომ გამოძიების შედეგების საფუძველზე მიღებულ იქნება პროცედურული გადაწყვეტილება.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ეშსოუ კაკალია აფხაზეთის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარას“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო თვეების განმავლობაში ის აქტიურად აკრიტიკებდა მოქმედ მთავრობას, მათ შორის მოითხოვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბას გადადგომას, პრეზიდენტის გარემოცვას კორუფციასა და მოსკოვზე ზედმეტ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.
ოპოზიციური წყაროების ცნობით, ინციდენტი პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება. კაკალიას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობები და თავის არეში მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული. მიღებულია გადაწყვეტილება, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდეს.
ფორუმი