Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საქართველოში კურიერებად და ტაქსისტებად ვეღარ იმუშავებენ - მთავრობის დადგენილება

ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელი საქართველოში ვეღარ იმუშავებს სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე. მთავრობის დადგენილება უცხოელებისთვის მუშაობის მკაცრ, კვოტირებაზე დაფუძნებულ სისტემას ამოქმედებს. ახალი წესები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შედის.

20 თებერვლით დათარიღებული მთავრობის განკარგულება,რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესებს არეგულირებს.

განკარგულებით განსაზღვრული წესები ვრცელდება:

  • დასაქმებაზე;
  • პარტნიორობაზე;
  • ინდივიდუალურ კონტრაქტორობაზე.
  • ბიზნესსაქმიანობაზე.

ვის ეხება?

  1. შრომით იმიგრანტს – უცხოელს, რომელსაც საქართველოში სურს დასაქმება ადგილობრივ დამსაქმებელთან (მათ შორის დისტანციურად).
  2. თვითდასაქმებულ უცხოელს – ვინც საქართველოში ახორციელებს ბიზნეს/სამეწარმეო საქმიანობას ფინანსური სარგებლის მიზნით.

არ ეხება:

  • ლტოლვილებს და დაცვის სტატუსის მქონეებს
  • თავშესაფრის მაძიებლებს
  • დიპლომატებს
  • აკრედიტებულ ჟურნალისტებს
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონეებს
  • საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისებს.


წლიური კვოტები

მთავრობა ადგენს წლიურ კვოტებს იმ პროფესიებზე, რომლებიც არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას.

წლიური კვოტა 0 [ანუ არც ერთი ადგილი] დაწესდა:

  • საკურიერო საქმიანობაზე;
  • მგზავრთა გადაყვანაზე;
  • ტურისტული გიდის მომსახურებაზე.

ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროებში უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა.

სამთო/ალპური/სათხილამურო გამყოლებზე კვოტა 200-ია..

რეგულაციები არ შეეხება:

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტებს;
  • ინოვაციურ სტარტაპებს;
  • მაღალანაზღაურებად პოზიციებს (ხელფასი 15,000 ლარზე მეტი);
  • დიპლომატებს, ლტოლვილებსა და ჟურნალისტებს.

როგორ უნდა დასაქმდეს უცხოელი საქართველოში?

ახალი წესის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, საქართველოში მუშაობის უფლება მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის შემდეგ ექნება.

დამსაქმებელი ვალდებულია, ვაკანსიის გამოჩენისას პირველ რიგში ინფორმაცია განათავსოს პორტალზე: www.worknet.moh.gov.ge.

  • სააგენტოს აქვს 10 სამუშაო დღე, რათა დამსაქმებელს შესთავაზოს ადგილობრივი კადრი.
  • მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ადგილობრივი კანდიდატი ვერ მოიძებნა, დამსაქმებელს ეძლევა უფლება, მოითხოვოს უცხოელი იმიგრანტის დასაქმება.


თვითდასაქმებული უცხოელები (მათ შორის ინდივიდუალური კონტრაქტორები ან ბიზნესპარტნიორები) ვალდებულნი არიან პირადად მიმართონ სააგენტოს. პროცედურის სავალდებულო ნაწილია ვიდეოგასაუბრება, რომლის საფუძველზეც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე.

მომსახურების საფასური და ვადები

ნებართვის მისაღებად დაწესებულია მომსახურების საფასური:

  • სტანდარტული (30 კალენდარული დღე): 200 ლარი.
  • დაჩქარებული (10 სამუშაო დღე): 400 ლარი.

დადგენილების ამოქმედების ვადები

  • 2026 წლის 1 მარტი: დადგენილება შედის ძალაში.
  • 2026 წლის 1 მაისი: ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ ქვეყანაში.
  • 2027 წლის 1 იანვარი: ბოლო ვადა უკვე რეგისტრირებული იმიგრანტებისთვის ახალი უფლებისა და ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.


ანუ იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან, რომლებიც 2026 წლის 1 მარტისთვის უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას - არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს - მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამუშავდეს 2026 წლის 1 მაისიდან.

იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG