Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცებმა მექსიკაში მოკლეს ნარკოკარტელის თავკაცი

მექსიკელი გვარდიელები მეხიკოში ორგანიზებული დანაშაულის საგანგებო პროკურატურის შენობას იცავენ. 22 თებერვალი, 2026 წელი
მექსიკელი გვარდიელები მეხიკოში ორგანიზებული დანაშაულის საგანგებო პროკურატურის შენობას იცავენ. 22 თებერვალი, 2026 წელი

22 თებერვალს მექსიკამ დაადასტურა, რომ ჯარისკაცებმა მოკლეს ერთ-ერთი ნარკოკარტელის გავლენიანი თავკაცი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ადამიანი იყო ამ ქვეყანაში და შეერთებულ შტატებში.

“ხალისკოს ახალი თაობის კარტელის” (Jalisco New Generation Cartel) 59 წლის ლიდერი ნემესიო ოსეგერა (იგივე ელ მენჩო) ტაპალპაში ჯარისკაცებთან შეტაკების დროს დაიჭრა და მეხიკოში გადაყვანისას გარდაიცვალა, ნათქვამია არმიის განცხადებაში.
მისი დაკავებისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო იყო დაწესებული.

ოსეგერა სინალოას კარტელის დამფუძნებლების, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუზმანის და ისმაელ ზამბადას დაკავების შემდეგ ნარკოდანაშაულის ჩადენაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მექსიკელი ეჭვმიტანილია. ორივე ამჟამად შეერთებულ შტატებში იხდის სასჯელს.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მექსიკის სამხედრო დაზვერვის გარდა, რეიდი აშშ-ის
ხელისუფლების „დამატებითი ინფორმაციით“ განხორციელდა.

ნათქვამია, რომ ოსეგერას გარდა, კარტელის ექვსი ეჭვმიტანილი წევრი მოკლეს. სროლისას სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კარტელის ორი ეჭვმიტანილი დააკავეს და ჩამოართვეს სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის რაკეტმტყორცნები, რომლებსაც თვითმფრინავების ჩამოგდება და ჯავშანტექნიკის განადგურება შეუძლიათ.

მანამდე, შეიარაღებულმა პირებმა დასავლეთის შტატ ხალისკოში მანქანებსა და სატვირთო მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და გზები გადაკეტეს რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციის საპასუხოდ.

ეს მეთოდი გამოიყენება პოლიციის მიერ მაღალი ღირებულების სამიზნის მიღწევის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.

ძალადობა გავრცელდა მეზობელ შტატ მიჩოაკანში, სადაც ასევე მოქმედებს ოსეგერას კარტელი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მისი კარტელი 2009 წელს ჩამოყალიბდა და მექსიკის ნარკოტიკებით ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ორგანიზაციად იქცა.

აშშ-მა ხალისკოს კარტელი ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხა და მას აშშ-ში კოკაინის, ჰეროინის, მეტამფეტამინის და ფენტანილის შეტანაში ადანაშაულებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუ მიესალმა ოპერაციას და ოსეგერას „ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და დაუნდობელი ნარკოდილერი“ უწოდა.

„ეს შესანიშნავი ამბავია მექსიკისთვის, აშშ-თვის, ლათინური ამერიკისა და მსოფლიოსთვის. კარგი ბიჭები ცუდ ბიჭებზე ძლიერები არიან“, - დასძინა მან.

რეიდი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მექსიკაზე აშშ-ში ნარკოტიკების, განსაკუთრებით ფენტანილის, შემოდინების შეჩერების მოთხოვნით განხორციელდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG