პუტინის მიმართვა კრემლის საიტზე გასულ ღამით გამოქვეყნდა.
- საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჯერ „წითელი არმიის“, შემდეგ კი „საბჭოთა არმიის დღედ“ გამოცხადებული 23 თებერვალი თანამედროვე რუსეთში „სამშობლოს დამცველთა დღეა“, რომელსაც პუტინმა „ერთ-ერთი ყველაზე ნიშნადი სახელმწიფო დღესასწაული” უწოდა.
- იმ ფონზე, როცა კრემლი და მისი პროპაგანდისტები მუდმივად ლაპარაკობენ რუსული არმიის წარმატებებსა და სიძლიერეზე, რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის ოთხი წლის განმავლობაში მიზნებს ვერ მიაღწია და შედეგად მიიღო საბრძოლო მოქმედებების საკუთარ ტერიტორიაზე გავრცელებაც.
პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისა და შეიარაღებული ძალებისადმი მილოცვა იმით დაიწყო, რომ 2026 წელი გამოცხადებულია „რუსეთის ხალხთა ერთობის წლად”, ილაპარაკა იმაზე, რომ ქვეყნის დასაცავად ყოველთვის იბრძოდნენ სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანები და „პატრიოტიზმი და სამშობლოს ბედზე პასუხისმგებლობა განამტკიცებდა ამ ერთიანობას” და „უდიდეს, უკვდავ გამარჯვებებს”.
პუტინის განცხადებით, დღესაც, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას რუსეთის ინტერესებს მხარდამხარ იცავენ უზარმაზარი ქვეყნის ყველა ხალხების წარმომადგენლები“.
კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს.
რუსეთის „მეომართა თანამედროვე თაობას“ პუტინმა „ტრადიციის ღირსეულად გამგრძელებლები“ უწოდა და განაცხადა, რომ „საერთაშორისო სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით და სპეციალური სამხედრო ოპერაციისას მიღებული საბრძოლო გამოცდილების საფუძველზე“ გააგრძელებენ „მასშტაბურ მუშაობას არმიისა და ფლოტის გასაძლიერებლად“, საყრდენი კი იქნება „მრეწველობის, მეცნიერების და ინდუსტრიული და მაღალტექნოლოგიური კომპანიების მძლავრი ძალები“.
პუტინმა ისევე, როგორც წინა წლებში 23 თებერვლის მილოცვისას, ამჯერადაც განაცხადა, რომ „უპირობო პრიორიტეტად რჩება განვითარება ბირთვული ტრიადის, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტიაა და ეფექტიანად უზრუნველყოფს მსოფლიოში ძალთა ბალანსს და სტრატეგიულ შეკავებას“.
რუსეთი „ბირთვულ ტრიადად“ მოიხსენიებს ბირთვული იარაღით აღჭურვილ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სტრატეგიულ ძალებს.
- 2026 წლის 24 თებერვალს ოთხი წელი შესრულდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რომელმაც ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.
- პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს კრემლმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა".
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, უკრაინასთან აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ უკრაინამ უარი თქვას დონბასზე. კიევისთვის ეს მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია.
ფორუმი