Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში სამმა მოქალაქემ ტროტუარზე პროტესტისთვის პატიმრობა გაასაჩივრა

რა წერია სარჩელში - მოკლედ
რა წერია სარჩელში - მოკლედ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სამი მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ისინი იბრძვიან კანონის იმ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ტროტუარზე პროტესტისთვის - ფორმალურად „ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლისთვის“ - პატიმრობას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები არიან ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია.

ისინი დავობენ, რომ მათ კანონის მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები:

  1. ღირსების ხელშეუვალობა (მე-9 მუხლი),
  2. შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი)
  3. კანონის უკუძალის აკრძალვა (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზეა მითითებული, საქმე დაეწერა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლე გიორგი თევდორაშვილს.

უფრო ვრცლად:

ახლანდელი კანონმდებლობით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ „განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის“.

მათ მიაჩნიათ, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს, სადაც წერია:

„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

სასარჩელო მოთხოვნაა, რომ ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა - კანონის ენით კი „დაბრკოლებების განზრახ შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის“ - არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

„სადავო ნორმები მოსარჩლეებისთვის, ისევე როგორც იმ მოქალაქისთვის რომლებსაც უკვე შეეხო მათი მოქმედება და ყოველდღიურად ეხება ან მომავალში შეეხება (და ამასთანავე აქვს მსუსხავი ეფექტი), თანმდევად ზღუდავს შეკრების უფლებას“, - წერია სარჩელში.

მოქალაქეების ინტერესებს ადვოკატი ანა ფირცხალაშვილი იცავს.

ვინ არიან მოსარჩელეები

სარჩელში აღწერილი გარემოებების თანახმად, მოსარჩელეები არიან:

  1. ანა ბდეიანი - „სამი შვილის დედა, მათ შორის ორი არასწრულწლოვანის დედა, აქტიური მოქალაქე“; მას ედავებიან 17 დეკემბერს „საპროტესტო აქციაზე ხალხის გადაადგილების დაბრკოლების შექმნას“ - რისთვისაც მას სისხლის სამართლის წესით პატიმრობა ემუქრება; მანამდე, ნოემბერში 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, - მაშინ ჯერ ტროტუარზე პროტესტი არ იყო კრიმინალიზებული;
  2. ლიზი უბილავა - 16 იანვარს გაიგო, რომ იმავე მუხლის დარღვევას ედავებიან და მასაც სისხლის სამართლის წესით პატიმრობა ემუქრება.
  3. ლაშა სონგულია - წერს, რომ მასაც იგივეს ედავებიან: „[თითქოს] ტროტუარზე დგომით, დაბრკოლება შევუქმნა ხალხის გადაადგილებას“. მასაც - რახან წარსულში უკვე ჰქონდა სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება.

„სადავო ნორმები მოსარჩლეებისთვის, ისევე როგორც იმ მოქალაქისთვის, რომლებსაც უკვე შეეხო მათი მოქმედება და ყოველდღიურად ეხება ან მომავალში შეეხება (და ამასთანავე აქვს მსუსხავი ეფექტი), თანმდევად ზღუდავს შეკრების უფლებას“, - წერია სარჩელში.

ახალი ნორმა და სასამართლო განხილვები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.

ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ილია ღლონტს, - დემონსტრანტს, რომლის წინააღმდეგ საქმისწარმოებაც ტროტუარზე პროტესტის გამო დაიწყეს.

ზოგიერთ დემონსტრანტს ტროტუარზე პროტესტის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი ნორმები;

გასაჩივრებულია ის არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი პოზიციით „ბლანკეტურად კრძალავს“ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას და ასევე უალტერნატივო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში.

სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, პატიმრობას გულისხმობს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG