ელისეს სასახლის განცხადებით, ამ შეხვედრამ „უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, დავადასტუროთ 35 წევრი ქვეყნის უკრაინის გვერდში დგომისადმი ერთგულება, რომ დავეხმაროთ მას ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნაში, რომელიც იქნება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტია“.
მსურველთა კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, რომლებიც 24 თებერვალს კიევში იქნებიან.
2026 წლის 6 იანვარს „მსურველთა კოალიციის“ პარიზის შეხვედრის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ „უკრაინის სუვერენიტეტისა და ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამშვიდობო შეთანხმების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და რომ ნებისმიერ მოგვარებას ზურგს უნდა უმაგრებდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინისთვის“.
იმავე დოკუმენტში წერია: “მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სისტემის შექმნაზე, რომელიც გააქტიურდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ". პარიზის განცხადებაში ჩამოთვლილია აგრეთვე კომპონენტები, რომლებსაც ხელმომწერი ქვეყნები უსაფრთხოების ხელშემწყობად მოიაზრებენ: აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმში მონაწილეობა; უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა; უკრაინის აღდგენის ხელშესაწყობად და შეკავების მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით უკრაინისთვის მრავალეროვნული ძალის შექმნა; მომავალში რუსეთის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მშვიდობის აღსადგენად უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულება; უკრაინასთან გრძელვადიანი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავების ვალდებულება.
"მსურველთა კოალიციის" შექმნის ინიციატივა ეკუთვნით გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს და ის 2025 წლის მარტში გამოცხადდა, უკრაინის შესახებ ლონდონის სამიტის შემდეგ. კოალიციის შექმნის მიზნად დასახელდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. "მსურველთა კოალიცია" მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას. ამ დროისთვის კოალიციაში 30-ზე მეტი ქვეყანაა თავმოყრილი, უკრაინის ჩათვლით.
ფორუმი