ტელევიზიის წილს ზაზა მარიდაშვილი მიმდინარე წლის 30 იანვრიდან მართავს.
დღევანდელი, 24 თებერვლის მონაცემებით, Pos TV-ის წილები ასეა გადანაწილებული:
- თემურ ჭარელაშვილი - 24%;
- შალვა რამიშვილი - 24%;
- ვიქტორ ჯაფარიძე - 52% (მმართველი ზაზა მარიდაშვილი).
24%-იანი წილის მფლობელი თემურ ჭარელაშვილი ამავდროულად არის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ რუხაძე კი დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
დღეს, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. განახლებულ სიაში მოხვდნენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
რას ამბობენ „იმედში“
„იმედის“ 50%-იანი წილის ახალმა მფლობელმა ილია მიქელაიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „არ შეგვიქმნის არანაირ დისკომფორტს და ხელისშემშლელი არაფერი არ იქნება“.
მან ტელევიზიის წილი სანქცირებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თვის დასაწყისში სიმბოლურ თანხად იყიდა.
Pos TV-ის მფლობელი დეპუტატი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ Pos TV-ის საკონტროლო პაკეტი 2022 წლის ოქტომბერში შეიძინა 520 000 ლარად.
„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებებით გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის 52 პროცენტი. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ მივიტანოთ", - თქვა მაშინ მისმა თანაგუნდელმა, სოზარ სუბარმა.
ფორუმი