Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან წაიყვანა 20 ათასი ბავშვი

დმიტრო ლუბინეცი. კიევი, 2 ივლისი, 2025.
დმიტრო ლუბინეცი. კიევი, 2 ივლისი, 2025.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 20 000 უკრაინელი ბავშვი გადაასახლა იძულებით ან მათი დეპორტაცია მოახდინა.

ამის შესახებ ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა საერთაშორისო სამართლიანობის კონფერენციაზე, რომელიც კიევში გაიმართა ორშაბათს, 23 თებერვალს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პერსპექტივიდან, ყველა უკრაინელი ბავშვი, რომელიც ამჟამად ფიზიკურად [იმყოფება] რუსეთის ტერიტორიაზე, დეპორტაციის ან იძულებითი გადაადგილების მსხვერპლია. ეს მხოლოდ ის 20 000 უკრაინელი ბავშვია [რომელთა შესახებ] უკრაინამ ინფორმაცია მოიპოვა“, განაცხადა ლუბინეცმა.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს „მობილიზაციის სამხედრო რესურსად“ მიიჩნევს. ლუბინეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის რეალური მიზანი უკრაინელი ხალხის გენოციდია“.

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკაიამ, იმავე კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინელი მოზარდები სამხედრო ბანაკებში იგზავნებიან ე.წ. „ხელახალი აღზრდისთვის“, ხოლო ზრდასრულებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკეთებენ მობილიზაციას. ზელენსკაიას თქმით, უკრაინამ უკვე დაადასტურა ამ ახალგაზრდების საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემთხვევები და ბევრი მათგანი უკვე დაიღუპა.

„რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი შვილების ევაკუაციას ეწეოდნენ მთელი ბავშვთა სახლების სახით. მათ წაიყვანეს ბავშვები, რომელთა მშობლებიც ადრე მოკლეს მარიუპოლში და უკრაინის სხვა ქალაქებში, რომლებიც მათ (რუსებმა - რედ.) თავად გაანადგურეს“, განაცხადა ზელენსკაიამ.

უკრაინის ომბუდსმენმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის, „დააბრუნეთ ბავშვები რუსეთში“, ფარგლებში, სახლში დააბრუნეს 2003 ბავშვი, რომლებიც რუსეთში იყვნენ დეპორტირებული ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. „იყო სიტუაციები, როდესაც ბავშვებს ბრალი ედებოდათ რუსეთის არმიის წინააღმდეგ თითქოს ტერორისტულ საქმიანობაში და ეს ბავშვებიც დააბრუნეს“, თქვა ლუბინეცმა.

მან აღნიშნა კატარის როლი, რომელმაც დახმარება გაუწია „რთულ საქმეებზე“ მუშაობაში და მისი წყალობით 83 ბავშვი დაბრუნდა. ლუბინეცმა ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, კერძოდ, პირველ ლედის, მელანია ტრამპს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილი მისწერა გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ. უკრაინელი ბავშვების ბოლო ჯგუფი, ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის თქმით, 2026 წლის 13 თებერვალს დაბრუნდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG