Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოსტივისთვის" ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობისთვის ბრალდებული ვიტალი გუგუჩია უდანაშაულოდ ცნეს

ფოტოკოლაჟი არქივიდან
ფოტოკოლაჟი არქივიდან

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ უდანაშაულოდ ცნო ვიტალი გუგუჩია, რომელსაც  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებოდნენ.

საქმე ეხება 2024 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს.

ვიტალი გუგუჩია საზოგადოებამ 2024 წლის 29 მაისს გაიცნო, როდესაც „აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ცოლ-ქმრის სასურსათო მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული ვიქტორ ჯაფარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.

რამდენიმე დღეში, 31 მაისს, სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას სახლთან მივიდნენ იმჟამად ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის, PosTV-ის, ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გუგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.

ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ გუგუჩია ბერიძეს და მის ოპერატორს აგინებდა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

სიტყვიერი დაპირისპირებისას, PosTV-ის ოპერატორმა ვიტალი გუგუჩიას მიმართა: „მოდი აქ“, რის შემდეგაც ისმოდა გინება და იწყებოდა ფიზიკური დაპირისპირება. კადრებში ჩანდა, რომ ოპერატორი გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა - ის ახტა და ფეხი ჩაარტყა ადამიანს.

2024 წლის 6 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, რომელმაც გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

5-ათასლარიანი გირაოს თანხა ვიტალი გუგუჩიას მაშინ მოქალაქეებმა შეუგროვეს.

დღეს კი, 25 თებერვალს, ზუგდიდის სასამართლომ გაიზიარა გუგუჩიას ადვოკატების არგუმენტაცია, რომ "პოსტივის" ჯგუფი ადგილზე მისული იყო არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ "შეურაცხყოფის მისაყენებლად". რაც შეეხება კიდევ ერთ - ძალადობის - ბრალდებას, მოსამართლე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ ვიტალი გუგუჩიას შეფარდებული გირაოც გაუბათილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG