Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ხელმძღვანელები რუსტემ უმეროვი (მარცხნივ) და სტივენ უიტკოფი. აბუ-დაბი, 23 იანვარი, 2026.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ხელმძღვანელები რუსტემ უმეროვი (მარცხნივ) და სტივენ უიტკოფი. აბუ-დაბი, 23 იანვარი, 2026.

ჟენევაში დაიწყო უკრაინელი დელეგატებისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ორმხრივი შეხვედრა.

ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა.

მისი თქმით, შემუშავდება უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერისა და აღდგენის მექანიზმები, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ინსტრუმენტები.

„ასევე ერთად განვიხილავთ რუსულ მხარესთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მზადებას - ამ ეტაპამდე აუცილებელია პოზიციების კოორდინაცია“, დასძინა მან.

უმეროვმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე მუშაობენ ჰუმანიტარულ საკითხებზე და პოტენციურ ახალ გაცვლებზე.

გუშინ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა, გამართეს სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც „განხილულ იქნა საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ ჟენევაში იმუშავებენ“.

Axios-ის ცნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ მას სურს უკრაინაში ომის დასრულება ერთ თვეში, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ ტრამპს შეუძლია აიძულოს ვლადიმირ პუტინი, დაასრულოს ომი.

Axios-ის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპის მიერ განხილული ერთ-ერთი საკითხი იყო ლიდერებს შორის შესაძლო სამმხრივი სამიტი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა 29 იანვარს განაცხადა, რომ თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩასვლა, სადაც მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. ზელენსკიმ უპასუხა, რომ პუტინსაც შეუძლია კიევში ჩასვლა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ რუსეთმა არ უპასუხა ასეთი შეხვედრის შესაძლებლობას.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ასევე განუცხადა გამოცემას, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, უკრაინას მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

რუსეთთან სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი. მანამდე მხარეები მის ჩატარებას თებერვლის ბოლოს განიხილავდნენ, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დაუსახელებიათ.

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მოსახლეობისადმი მიმართვაში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინაში ტრამპის ვიზიტის მნიშვნელობას, რათა მან გააცნობიეროს, რომ კრემლი შეერთებულ შტატებს „ეთამაშება“ და მოლაპარაკებების იმიტაციას აკეთებს. იმავე დღეს რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ დაადანაშაულა უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში.

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ პუტინს არ ენდობა და დაჟინებით გაიმეორა, რომ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ იქნება ომის დასასრული. მან დასძინა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე დაითანხმოს, მეტ ზეწოლას ახდენს კიევზე, ვიდრე მოსკოვზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG