წიკლაურის, როგორც თანამდებობის პირის, ქონებრივი დეკლარაცია დეკლარაცია, რომელიც მან 2025 წლის 29 დეკემბერს შეავსო, 27 თებერვალს გამოქვეყნდა. მასში ჩანს უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა.
რას ქონება აქვს ვარლამ წიკლაურს
ახალციხის მერის, ვარლამ წიკლაურის სახელზეა რეგისტრირებული 2022 წელს თბილისში, სოფელ დიღომში 185 000 დოლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მის ცოლს, ხატია კობერიძის კი იმავე წელს შეძენილი აქვს ბელგიაში 42 კვადრატული მეტრი ზომის ბინა, რაშიც 165 000 ევრო გადაიხადა.
ვარლამ წიკლაურის სახელზეა რეგისტრირებული ორი ავტომობილი: ერთი 2024 წელს შეიძინა, მეორე 2025 წელს.
რატომ არ წერია „იმედში“ აღებული ხელფასი დეკლარაციაში?
გამოცემა „მედიაჩეკერი“ წერს, რომ წიკლაურის თქმით, ინფორმაციის მითითებაზე უარი მისი გადაწყვეტილებაა და ამტკიცებს, რომ ამის შესაძლებლობას კანონი აძლევდა.
„მისი განმარტებით, დეკლარაციის შევსების დრო, მას შეეძლო მოენიშნა, რომ ამის გასაჯაროებას საჭიროდ არ თვლიდა“, - წერს გამოცემა.
„უბრალოდ, ეს ჩემი ნება-სურვილი იყო, ჩემი წინა სამსახურში აღებული ხელფასი არ ყოფილიყო საჯარო და კანონი მე ამის შესაძლებლობას მაძლევს“, - ციტირებს „მედიაჩეკერი“ წიკლაურს.
„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო, რა ხელფასი მქონდა მანამდე, ვიდრე დავიკავებდი პოლიტიკურ თანამდებობას“, - თქვა მან.
რა წერია კანონში?
კორუფციის წინააღმდეგ კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს, რომ:
- ქონებრივი დეკლარაცია შეიცავს არაერთი ტიპის ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ;
- სხვა არაერთ დეტალთან ერთად, ეს ცნობები უნდა მოიცავს ინფორმაციას „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესახებ. კერძოდ:
- „სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
რას ამბობენ ბიუროში?
„მედიაჩეკერი“ ასე ციტირებს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიღებულ პასუხს:
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საჯაროობას არ ექვემდებარება სადეკლარაციო თანამდებობაზე დანიშვნამდე და თანამდებობის დატოვების შემდეგ, ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.
- ვარლამ წიკლაური თანამდებობაზე პირველად განწესდა 2025 წლის 29 ოქტომბერს, შესაბამისად დეკლარაციაში მითითებული აქვს მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ 2024 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, თუმცა ზემოთ აღნიშნულის გამო, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის“.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მე-19 მუხლის თანახმად:
- „ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას“. თუმცა არსებობს გამონაკლისები:
- დეკლარაციაში აღნიშნული პირადი ნომერი;
- მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
- ტელეფონის ნომერი;
- ასევე, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი - თუკი ეს სამუშაო შესრულდა თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე.
ამ ჩანაწერის მიუხედავად, წლების განმავლობაში არაერთი მაღალი თანამდებობის პირის დეკლარაციაში საჯაროდ მოიძებნება წინა წლებში მათ მიერ მიღებული ანაზღაურება.
ფორუმი