ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა კლინტონმა თავად გამოაქვეყნა შესავალი თავისი გამოსვლიდან. ტექსტში ნათქვამია, რომ მან არაფერი იცოდა სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ფინანსისტის საქმიანობის შესახებ.
„მე ვიცი, რაც ვნახე და ასევე, უფრო მთავარი ის არის, რაც არ მინახავს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებდი და უფრო მთავარი ის არის, რაც არ გამიკეთებია. არაფერი მინახავს და ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
როგორც სააგენტო როიტერსი აღნიშნავს, ბილ კლინტონმა 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენჯერმე იმგზავრა ეპსტინის თვითმფრინავით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დატოვა და მანამდეც, ვიდრე 2008 წელს ეპსტინს არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვისთვის გაასამართლებდნენ.
„როგორც ადამიანი, რომლის ოჯახშიც iყო ძალადობა, მე არა მხოლოდ არ გავფრინდებოდი მისი [ეპსტინის] თვითმფრინავით, არამედ მას თავად ჩავაბარებდი მართლმსაჯულებას, სულ ცოტა ეჭვი რომ შემპარვოდა - რასაც ის აკეთებდა“, - წერს ბილ კლინტონი X-ზე. ზოგადად, ის ამტკიცებს, რომ ეპსტინთან კონტაქტი მხოლოდ საზოგადოებრივ, საქველმოქმედო საკითხებს უკავშირდებოდა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ეპსტინის საქმეზე გამოქვეყნებულ მასალებში არის ფოტოები - ბილ კლინტონის ქალებთან ერთად, რომელთა სახეები დაფარულია.
2025 წლის ნოემბერში, დემოკრატმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს ელექტრონული წერილები, მათ შორის - ეპსტინისა და მისი მეგობარი ქალის, გისლეინ მაკსველის მიმოწერა. ზოგიერთ მათგანში ტრამპიც ნახსენებია, თუმცა ეს წერილები არ შეიცავენ მტკიცებულებას, რომ დონალდ ტრამპს კავშირი ჰქონდა რაიმე დანაშაულთან.
გისლეინ მაკსველი 20-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით.
დემოკრატების შემდეგ, ფაილები რესპუბლიკელებმაც გამოაქვეყნეს, რათა როგორც თავად განაცხადეს, წინააღმდეგობა გაუწიონ დემოკრატების მცდელობას, შეარჩიონ მხოლოდ მათთვის სასარგებლო დოკუმენტები. რესპუბლიკელების მიერ გავრცელებულ ფაილებში ნახსენებია არაერთი ცნობილი დემოკრატიც.
2025 წლის 18 ნოემბერს კონგრესის წარმომადგელეთა პალატამ 427 ხმით დაუჭირა მხარი ორპარტიულ კანონპროექტს „ეპსტინის ფაილების გამჭვირვალობის შესახებ“. იმავე დღეს კანონპროექტი მიიღო სენატმაც.
ფორუმი