აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ
შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის და თქვა, რომ ირანთან ომი შეიძლება კვირები გაგრძელდეს.
2 მარტს ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ „თეირანის გულში“ ახალი „ფართო დარტყმა“ განახორციელეს მას შემდეგ, რაც არმიამ პირობა დადო, რომ „რეჟიმის ძირითად ელემენტებზე“ თავდასხმებს გააძლიერებდნენ.
AFP-ს ჟურნალისტების ცნობით, ირანის დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი აფეთქებები გაისმა, რამაც ცენტრში საცხოვრებელი
კორპუსები შეარყია.
აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) შტაბ-ბინა. ირანის ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანში მდებარე XVI საუკუნის გოლესტანის სასახლე, რომელსაც იუნესკოს იცავს, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაზიანდა.
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მათ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ისრაელის სამიზნეებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისსა და სხვა ობიექტებზე თელ-ავივში, ჰაიფასა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, და ამას თავდასხმების „მე-10 ტალღა“ უწოდეს. მას მოჰყვა ოპერაცია “გულწრფელი დაპირების” “მე-11” ტალღა და შეუტიეს ბეერშევას, იტყობინება ირანის ტელევიზია რევოლუციური გვარდიის განცხადებაზე დაყრდნობით.
ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა მზადაა, რომ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომი დიდხანს გაგრძელდეს. „ირანი, აშშ-ისგან განსხვავებით, ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა“, - განაცხადა თეირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს გავლენიანმა თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ირანის პრეზიდენტმა რევოლუციური გვარდიის გენერალი მაჯიდ ებნელრეზა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ისრაელ-აშშ-ის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
ირანმა ასევე დაარტყა სამიზნეებს, აშშ-ის სამხედრო ობიექტებს, სპარსეთის ყურის გასწვრივ მდებარე ქვეყნებში. არმიამ განაცხადა, რომ მან 15 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ქუვეითში აშშ-ის საჰაერო ბაზასა და ინდოეთის ოკეანეში გემებზე თავდასხმების დროს.
ირანის "წითელმა ნახევარმთვარემ" ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმებმა „131 ქალაქი დააზარალა და 555 თანამემამულე დაიღუპა“. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს გვარდიის სამი წევრის და არმიის ხუთი მოსამსახურის მკვლელობა.
გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მის სააგენტოს „არანაირი ნიშანი“ არ აქვს იმისა, რომ ირანში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად რომელიმე ბირთვული ობიექტი დაზიანდა ან დაბომბეს.
2 მარტს, გამთენიისას, კვიპროსში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის სამხედრო ბაზაზე, სულ მცირე, ერთი დრონი ჩამოვარდა, ხოლო კიდევ ორი გაანადგურეს, რასაც ობიექტის ევაკუაცია მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთი დასთანხმდა აშშ-ს, გამოეყენებინა ბრიტანული სამხედრო ბაზები ირანის სარაკეტო სისტემებზე „თავდაცვითი“ დარტყმების განსახორციელებლად, თავდაპირველად უარის თქმის შემდეგ. ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გააკრიტიკა. Daily Telegraph-თან საუბარში მან დასძინა, რომ „ძალიან იმედგაცრუებული“ იყო თავდაპირველი უარით.
ფორუმი