Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქეს ვერ დაარეგისტრირებენ - „ქართული ოცნების“ კანონპროექტი

კანონპროექტი „ საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.
კანონპროექტი „ საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

„ქართული ოცნების“ წევრებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც არჩევნების დაკვირვება საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება. „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყო.

რა წერია კანონპროექტში

კანონში სამი ცვლილების შეტანა იგეგმება:

  1. საარჩევნო კომისიის სხდომაზე ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა შესაძლებელი იქნება ცესკოს დადგენილი წესით;
  2. საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
  3. გაიწერება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

მთავარი ცვლილება

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისიებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების აკრძალვას შეეხება.

კანონპროექტის თანაავტორმა დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ამ შეზღუდვის მიზანია, „მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლებლობა იმისა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის პირადი მიკერძოების ჭრილში არაობიექტური და ორაზროვანი ინფორმაცია იყოს მიწოდებული“.

„დაე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წარმომადგენლად ისეთი ადამიანი მოიხმოს, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან“, - თქვა მათიკაშვილმა.

რა მოხდა მანამდე - უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი

უფრო ადრე „ქართული ოცნებამ“ საარჩევნო კოდექში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. მაშინ საპირისპირო არგუმენტი დასახელდა გადაწყვეტილების გასამართლებლად. „ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ უცხოეთში მყოფ ადამიანებზე ზეწოლის მეტი რისკი იყო.

2025 წლის 17 ნოემბერს სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა: „ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას“.

იმავე დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა: „შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში, მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, მაგალითად, ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს“.

რას ამბობენ არასამთავრობო სექტორში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქართველოში ჩატარებული არჩევნების დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ ამ შეზღუდვის მიზანია, გართულდეს საქართველოში არჩევნების დაკვირვება, საერთაშორისო ორგანიზაციებს გაურთულონ სადამკვირვებლო მისიის ინფორმირებული დამკვირვებლებით დაკომპლექტება.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰყავს ქართველი თანამშრომლები. ისინი თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან მათ მიერ მომზადებულ მასალას მთელი წლისა და საარჩევნო ციკლის განმავლობაში. რატომღაც გადაწყდა, რომ მათ უნდა შეეზღუდოთ, დაეყრდნონ საკუთარ ქართველ თანამშრომლებს“.

როდის მიიღებენ კანონს

კანონპროექტი დაჩქარებული სახით არ განიხილება. როგორც წესი, ასეთ დროს ერთ თვემდე ვადა საკმარისია. კანონპროექტის მიხედვით, დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე უნდა შევიდეს ძალაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG