Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საელჩო: ელჩი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია
ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია

ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საელჩოდან მიაწოდეს. შეხვედრის დეტალები უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია - დეტალების გასარკვევად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა უწყების პრესსამსახურს, პასუხის მიღების შემთხვევაში კი, ინფორმაცია განახლდება.

შეხვედრის წინაპირობა

ვალიდ აბუ ჰაია აცხადებდა, რომ ირანში ოპერაციისა და განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურდა, თუმცა არავინ შეხვედრია და შეხვედრის იმედს იგი საჯაროდ გამოთქვამდა.

„განვითარებული მოვლენების ფონზე მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან. ამ დრომდე მათ არ შევხვედრივარ. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“, - განუცხადა ელჩმა შეხვედრამდე ტელეკომპანია „ფორმულას“.

თბილისის სამძიმარი ირანსაც და ისრაელსაც

დღეს დილით, 2 მარტს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ განცხადებით სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, „მათ შორის უმაღლესი ლიდერის“ დაღუპვის გამო, ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

ამასთან, მთავრობამ გამოხატა „სრული სოლიდარობა“ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართ.

ქართველები ისრაელში „დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ“

ელჩმა ტელევიზიასთან ისაუბრა ქართველებსა და ისრაელელებზე, რომლებიც ისრაელსა და საქართველოში იმყოფებიან:

„მათ [ისრაელის მოქალაქეებს] მოსწონთ აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ძალიან შეშფოთებული არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ“, - თქვა მან.

„ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ ყველას, ვინც ისრაელშია“, - განაცხადა ელჩმა.

„ჩვენ ვეკონტაქტებით თელ-ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ“, - თქვა მან.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები

  • ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები;
  • 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს;
  • ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი;
  • ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
  • ამ მოვლენებს წინ უძღოდა ირანში საპროტესტო დემონსტრაციების სისხლში ჩახშობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით დემონსტრანტი დახოცეს.
  • ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა სერიოზული დარტყმაა ქვეყნის სასულიერო მმართველებისთვის, თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს არ არის რეჟიმის ცვლილების გარანტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG