ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს ჰუსეინ მაკლედის, ჰეზბოლას სადაზვერვო შტაბის მეთაურის, მკვლელობის შესახებ.
ჰეზბოლა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
ისრაელის სამხედროების ცნობით, ის გუშინ ღამით, საჰაერო დარტყმის დროს დაიღუპა ბეირუთში.
ისრაელმა ლიბანზე დარტყმების სერია დაიწყო ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონების დაბომბვის საპასუხოდ. ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე ლიბანის მასშტაბით იყო სამეთაურო ცენტრები და იარაღის საწყობი ტირში (სური).
„ისრაელის თავდაცვის ძალები წინააღმდეგობას გაუწევს ჰეზბოლას გადაწყვეტილებას, შეუერთდეს კამპანიას და იმოქმედოს ირანის რეჟიმის სახელით, და არ დაუშვებს ისრაელის სახელმწიფოსთვის და კერძოდ, ჩრდილოეთ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
გარდა ამისა, 2 მარტს ტელეარხმა Al Hadath-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა მოჰამედ რაადი, საპარლამენტო ფრაქცია „წინააღმდეგობის ერთგულების“ ხელმძღვანელი.
გამოცემის თანამოსაუბრის ცნობით, რაადთან ერთად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის მთავრობამ, თავის მხრივ, გამოაცხადა დაჯგუფებისთვის „უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი საქმიანობის" ან „სამხედრო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ. „ჩვენ ვკრძალავთ ჰეზბოლას სამხედრო საქმიანობას, ვზღუდავთ მის როლს პოლიტიკური სფეროთი და მოვითხოვთ, რომ სამხედრო ინსტიტუტებმა დაიცვან ეს მოთხოვნები“, - მოჰყავს პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამის სიტყვები „ალ-ჯაზირას“. მან ასევე მოითხოვა, რომ დაჯგუფებამ იარაღი ჩააბაროს.
სალამმა დაადასტურა, რომ მთავრობა 2024 წელს ისრაელთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების ერთგულია.
Associated Press-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 150 ადამიანი დაშავდა.
ფორუმი