Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი, ირანის ომის მიუხედავად, რუსეთთან მორიგი მოლაპარაკებების მალე დაგეგმვას იმედოვნებს

ფოტოზე: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტოზე: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, 2 მარტს, განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უახლოეს დღეებში გაგრძელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მიუხედავად, თუმცა უსაფრთხოების საკითხების გამო, იგი შეხვედრის ალტერნატიულ ადგილებს უჭერს მხარს.

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მის დედაქალაქ აბუ-დაბიზე დარტყმები განახორციელა. ეს 28 თებერვალს ირანზე ისრაელისა და აშშ-ს ერთობლივი თავდასხმების საპასუხოდ მოხდა.

აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასასრულებლად, და ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 5-დან 8 მარტამდე იყო დაგეგმილი.

„შეხვედრა უნდა შედგეს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ შეხვედრას“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
„თუ აბუ-დაბისთან დაკავშირებით რაკეტებისა და დრონების გამო სირთულეები იქნება, მაშინ ვფიქრობ, რომ არის თურქეთი, არის შვეიცარია“, - თქვა მან. „ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს შეხვედრის ამ სამი ადგილიდან ნებისმიერს“.

დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს მოსკოვიც. „პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმება რუსეთისთვის სასურველ მიდგომად რჩება“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, როდესაც ჰკითხეს, შეიცვალა თუ არა რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ.

უკრაინამ, რომელიც 2022 წლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, არაერთხელ დაადანაშაულა ირანი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებაში.

ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ირანელ ხალხს შესაძლებლობა მისცა, დაემხო „ტერორისტული რეჟიმი“ რუსეთის მოკავშირე თეირანში.
თუმცა ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ძირითადი საჰაერო თავდაცვის (რომელსაც კიევი რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად იყენებს), მათ შორის აშშ-ში წარმოებული Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების მიწოდებაზე.

„თუ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი საომარი მოქმედებები გაგრძელდება, ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს მომარაგებაზე. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ევროპის სისტემა - რომელიც უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის შეძენას ისახავს მიზნად და რომელიც ასევე ცნობილია, როგორც PURL-ი - კვლავ ფუნქციონირებს.

იანვარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში აშშ-ის მიერ რაკეტების მიწოდების შეფერხებამ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უფრო დაუცველი გახადა რუსეთის ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების მიმართ, რომლებმაც ელექტროსადგურები მნიშვნელოვნად დააზიანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG