Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები აშშ-ში იმყოფებიან

დელეგაციის წევრები სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ.

სადავო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და „ხალხის ძალის“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი აშშ-ში იმყოფებიან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მათ შეხვედრა გამართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსთან.

რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი საქართველოში 2025 წლის მაისში იმყოფებოდა. ის მაშინ საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება.

„შეხვედრაზე ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და მასში საქართველოს სტრატეგიულ როლზე. განხილვის თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მათი შესაძლო გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე“, - წერია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცლებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა, რასაც ქართველი პარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა:

„შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“.

საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა

2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

მანამდე, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ შეცვლილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG