Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმელთაშუა ზღვაში ხანძარი გაჩნდა რუსულ სანქცირებულ ტანკერზე

ფოტო არქივიდან. ტანკერი Arctic Metagaz
ფოტო არქივიდან. ტანკერი Arctic Metagaz

ხმელთაშუა ზღვაში ხანძარი გაჩნდა რუსეთის დროშით მცურავ ტანკერზე Arctic Metagaz, რომელსაც გათხევადებული ბუნებრივი გაზი გადაჰქონდა. ინფორმაცია რამდენიმე წყაროთი გავრცელდა. „ჩრდილოვანი ფლოტის" ამ ტანკერის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.

სააგენტო Reuters-ი მალტის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაზე დაყრდობით წერს, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ტანკერის ეკიპაჟი, რომელიც უკვე სამაშველო ნავში იმყოფებოდა, ლიბიის სამძებრო-სამაშველო ზონაში აღმოაჩინეს. ეკიპაჟი უსაფრთხოდაა.

Arctic Metagaz-ი 24 თებერვალს გავიდა რუსეთის ქალაქ მურმანსკის პორტიდან. ტანკერმა თავისი ადგილსამყოფლის შესახებ ბოლო ცნობა 2 მარტს გაავრცელა და ამ ცნობის მიხედვით, მალტის სანაპიროსთან იმყოფებოდა.

gCaptain-ი, რომელიც პროფილური გამოცემაა და საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ სიახლეებზე წერს, იუწყება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერ Arctic Metagaz-ზე ხანძარი 3 მარტს, დილით გაჩნდა, როცა ის ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში, მალტის და ლიბიის ნაპირებთან იმყოფებოდა. ხანძრის ფაქტი დაადასტურა საზღვაო უსაფრთხოების და რისკების მართვის ბერძნულმა კომპანია Diaplous Group-მაც.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ტანკერზე ხანძრის გაჩენას წინ უძღოდა აფეთქება. Reuters-ის ერთ-ერთი წყარო არ გამორიცხავს, რომ გემზე უკრაინის ე.წ. საზღვაო დრონით შეტევა იყო. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.

ტანკერთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარისთვის Reuters-მა მიმართა გემის მმართველ რუსულ კომპანია „ტექმენეჯმენტს“, გათხევადებული გაზის მწარმოებელ რუსულ კომპანია „ნოვატეკს“ და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს. მათ სააგენტოსთვის პასუხი არ გაუციათ.

განახლება: 4 მარტს, დღისით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი მალტის ტერიტორიული წყლების მახლობლად მყოფ ტანკერ Arctic Metagaz-ს „ლიბიის სანაპიროდან თავს დაესხნენ უკრაინის უეკიპაჟო კატერები”, ტანკერის ეკიპაჟის 30-ივე წევრი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, „მალტის და რუსეთის სამაშველო სამსახურების შეთანხმებული მოქმედებების წყალობით გადაარჩინეს“.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ მურმანსკის პორტიდან გასულ ტანკერს მიჰქონდა „ყველა საერთაშორისო წესით გაფორმებული ტვირთი“. სად, სამინისტრო არ აკონკრეტებს და ტანკერზე შეტევას აფასებს „საერთაშორისო ტერორიზმის აქტად და მეკობრეობად“.

გამოცემა The Insider-ი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ Arctic Metagaz-ი იმ ათზე მეტ გემს შორისაა, რომლებიც ჩართული არიან სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული გათხევადებული გაზის(პროექტი Арктик СПГ-2) ტრანსპორტირებაში ჩინეთის ტერმინალში Beihai.

პროექტ Арктик СПГ-2-ისა და მასში ჩართული ტანკერების წინააღმდეგ 2023-2024 წლებიდან მოქმედებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები.

ტანკერი Arctic Metagaz-ი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაში ხანძარი გაუჩნდა, 2025 წლიდან სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის და ახალი ზელანდიის მიერაც.




ფორუმი

XS
SM
MD
LG