კონსტანტინე (კოკა) მორგოშიამ ოთხშაბათს, 4 მარტს, სასამართლოს ჩვენება მისცა „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე.
ადვოკატ ლიკა ბითაძის კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან, მორგოშიამ უპასუხა, რომ:
- მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა;
- გენერალური პროკურორობისას - 2013 წელს - საერთოდ არ იცნობდა;
- „2020 ან 2021 წელს გავიცანი, მისი ინიციატივით. გამოაგზავნა ადამიანი, შევხვდით და გავიცანით [თბილისში, წყნეთში] კაკლებში, მის სახლში ერთმანეთი“, - თქვა მორგოშიამ.
- ასევე თქვა, რომ: „ოთარი უკვე გადაბარგებული იყო რუსეთის ფედერაციაში, მე პოლიტიკური აქტივობით ვიყავი დაკავებული და ხშირად გვქონდა შეხვედრები“;
- ჰქონდათ „აზრთა სხვადასხვაობა“.
მორგოშიას თქმით, ურთიერთობა დაეძაბათ დაახლოებით 2022 წლის ბოლოს-2023 წლის დასაწყისში, რისი მიზეზიც „ალტ-ინფოს“ წილი იყო.
„ერთ-ერთ ეტაპზე მას უნდოდა ტელეკომპანიის წილის ყიდვა, რაზეც მე ვუთხარი უარი“, - თქვა მორგოშიამ.
„ალტ-ინფოს“ 50%-იან წილს მორგოშიას მამიდა, ციალა მორგოშია ფლობს, მეორე 50%-ს კი - ალექსანდრე ქარდავა.
„არასდროს ოთარ ფარცხალაძესთან ფინანსური დავა არ მქონია, არანაირი ბიზნესი არ მქონია და არ მიმიმართავს შუამდგომლობაზე ჯანგველაძესთან“, - თქვა მან.
„გააკეთა მერე მაგან თავისი ტელევიზია, მაგრამ არ გამოვიდა გადაფარვა“. - განაცხადა მორგოშიამ. სავარაუდოდ, იგულისხმა პრორუსული მოძროაბის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, ტელევიზია.
მანამდე მორგოშიამ თქვა, რომ მას პირადად ამ დრომდე „დაძაბული ურთიერთობა“ აქვს ოთარ ფარცხალაძესთან.
თუმცა პროკურორის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად აღნიშნა: „ისე დაპირისპირება, რომ ერთმანეთის სისხლი გვმართებდეს, არ ყოფილა. პოლიტიკური თემაზე იყო დაპირისპირება. არანაირი ბიზნესი მასთან მე არ მქონია, არანაირი საერთო თემა მე არ მქონია არაფერში".
„ალტ-ინფოს“ ორგანიზებით თბილისში გაიმართა არაერთი აქცია, რომლებიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზებისთვის დღემდე არავინ მიუციათ პასუხისგებაში.
დღევანდელ სხდომაზე მორგოშიამ ასევე თქვა, რომ ჯანგველაძეს რუსეთის ფედერაცია „პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა“, თუმცა იგი უარზე იყო.
მორგოშიას თანახმადვე, ლევან ჯანგველაძეს „მისდიოდა ინფორმაცია“, რომ იმის გამო, რომ მას პოლიტიკურ ველზე გამოსვლას სთავაზობდნენ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს „შფოთვები ჰქონდა“.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციიდან 5 წლით არის დეპორტირებული, რის ოფიციალურ მიზეზადაც ვიზით გათვალისწინებული ვადის გადაცილება დაუსახელეს, თუმცა თავად ოთარ ფარცხალაძის ფაქტორს უკავშირებს.
მისი თქმით, საზღვარზე უთხრეს, რომ ფარცხალაძის გამო არ უშვებდნენ, თუმცა იქვე ადვოკატის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ვერ დაასახელებს ადამიანს, რომელიც ამ ინფორმაციას დაადასტურებს.
ფარცხალაძეს ან მისი ინტერესების დამცველს ჯერჯერობით მორგოშიას მონათხრობის ახალ დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ, - რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობასა და „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული ბრალდებებით ძებნა აქვს გამოცხადებული, - პირველი კომენტარი 20 თებერვალს გააკეთა.
მან თავისი ყოფილი გუნდი „დაკვეთის შესრულებაში“ დაადანაშაულა და ბრალდებები უარყო.
„მე მდევნიან გაყალბებული დანაშაულებისთვის, - იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. ცდილობენ, ჩამომაშორონ ჩემს ისტორიულ სამშობლოს“, - განაცხადა ფარცხალაძემ, რომლის სახელიც წლების განმავლობაში არაერთ გახმაურებულ ეპიზოდში ფიგურირებდა, სავარაუდო დანაშაულის ნიშნებით.
„საერთაშორისო კრიმინალურმა ორგანიზაციებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი იდეალურად აჩვენებს ჩემ მიერ არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის“, - უთხრა ფარცხალაძემ რუსულ მედიას.
ფორუმი