Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ განიხილავს ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფების შეიარაღებას

აშშ განიხილავს ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფების შეიარაღებას. 2026 წლის 4 მარტი
აშშ განიხილავს ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფების შეიარაღებას. 2026 წლის 4 მარტი

გავრცელებული ცნობებით, აშშ განიხილავს შესაძლებლობას, შეაიარაღოს ირანელი ქურთების ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მეზობელ ერაყში არიან დაფუძნებული. ამ ნაბიჯს შესაძლოა მოჰყვეს ახალი ფრონტის გახსნა ირანთან ომში და სამოქალაქო ომის გაჩაღება ირანში.

ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთთა რეგიონში სახლობს ირანელი ქურთების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც წლების განმავლობაში აწარმოებენ დაბალი ინტენსივობის ამბოხების ბრძოლას თეირანის წინააღმდეგ. მათი ნაწილი ირანში ავტონომიას მოითხოვს, სხვები - ისლამური რესპუბლიკისგან გამოყოფას.

აშშ-ის მხრიდან ირანელი ქურთების ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებისა და საზღვრებსშორისი სახმელეთო თავდასხმების მხარდაჭერის შესაძლებლობის ფონია აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმები.

ანალიტიკოსების ვარაუდით, აშშ-ის მიზანია თეირანის საბრძოლო რესურსების გამოფიტვა, სახელმწიფო ძალაუფლების დასუსტება და ამბოხების მხარდაჭერა ირანში - 90-მილიონიანი მოსახლეობის მქონე, მულტიეთნიკურ სახელმწიფოში.

ირანის კლერიკალური ხელისუფლება არ დანებებულა და არც დანაწევრებულა, ის ქვეყანაზე კონტროლს ინარჩუნებს მას მერეც, რაც 28 თებერვალს დაიწყო აშშ-ისრაელის ერთობლივი საჰაერო კამპანია, რის შედეგადაც დახოცეს უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და არმიის მაღალჩინოსნები.

ეთნიკური ქურთები ირანის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ, ისინი ძირითადად ქვეყნის დასავლეთში, ერაყთან საზღვრის ახლოს სახლობენ. ირანს დიდი ხანია ადანაშაულებენ ეთნიკური უმცირესობების დევნასა და დისკრიმინაციაში - ქურთების ჩათვლით.

ანალიტიკოსების ვარაუდით, არსებობს საფრთხეებიც, რომლებიც უკავშირდება ჩრდილოეთ ერაყში დასახლებულ ქურთთა ექვსიოდე ჯგუფს. ამ ჯგუფებიდან ბევრი წარსულში შეიარაღებული იყო, მაგრამ შემდეგ განიარაღდა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ეს ჯგუფები ირანის წინააღმდეგ გრძელვადიან ომს დაიწყებენ და შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერა გაქრება, ეს მათ საფრთხეს შეუქმნის.

აშშ-მა ახლახან შეწყვიტა სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მხარდაჭერა - ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი, გასამხედროებული ჯგუფის, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ის პარტნიორი იყო ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წარმოებულ ომში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG