Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში უარყოფილია პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილების შემზღუდავი რეზოლუცია

აშშ-ის კონგრესის შენობა ვაშინგტონში
აშშ-ის კონგრესის შენობა ვაშინგტონში

აშშ-ის სენატში უარყოფილია რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის სამხედრო მოქმედებების უფლებამოსილების შეზღუდვას. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ უნდა გააგრძელოს.

პროცედურული კენჭისყრისას, რომელიც 4 მარტს ჩატარდა, დემოკრატი სენატორის, ტიმ კეინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა 47-მა სენატორმა. წინააღმდეგი იყო 53.

სენატორი ფეტერმანი ერთადერთი დემოკრატი იყო, რომელიც რესპუბლიკელების უარს შეუერთდა, ხოლო სენატორი პოლი ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა მისცა რეზოლუციის პროექტის განხილვას.

რესპუბლიკელების პოზიციაა, რომ პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს აქვს უფლებამოსილება მიმდინარე ოპერაციების ხელმძღვანელობისთვის.

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. რეზოლუციის პროექტის განხილვას ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერა სჭირდება.

დემოკრატები აცხადებენ, რომ მაშინ, როცა ომის გამოცხადების უფლებამოსილება კონგრესს აქვს, პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ირანის წინააღმდეგ მოქმედებას უკვე ომს უწოდებენ.

  • შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG