Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უნგრეთისგან მოითხოვს ინფორმაციას პუტინის მიერ გათავისუფლებულ ტყვეებზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 მარტს კრემლში მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ სიიარტო(მარჯვნივ)
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 მარტს კრემლში მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ სიიარტო(მარჯვნივ)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვს და ბუდაპეშტს მანიპულაციასა და ცინიზმში ადანაშაულებს და უნგრეთისგან მოითხოვს ინფორმაციას ორ სამხედრო ტყვეზე, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით გადასცეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს.

სიიარტო 4 მარტს პუტინს შეხვდა კრემლში, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ წინა დღეს გამართული სატელეფონო საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა სთხოვა განეხილა რუსეთის არმიის ტყვეობაში მყოფი, უკრაინაში „იძულებით მობილიზებული“ უნგრელების გათავისუფლების საკითხი.

პუტინმა სიიარტოს უთხრა, რომ გადაწყვიტა გაათავისუფლოს ორი ტყვე, რომლებსაც ორმაგი, უკრაინის და უნგრეთის მოქალაქეობა აქვთ და შეუძლია ისინი თან წაიყვანოს.

მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ორ გათავისუფლებულ ტყვესთან ერთად თვითმფრინავში გადაღებული ფოტო და დაწერა, რომ ისინი იმიერკარპატების ოლქის მცხოვრებნი არიან და „ბევრი სხვა ეთნიკური უნგრელის მსგავსად" სამხედრო სამსახურში „იძულებით გაიწვიეს“.

უკრაინის ამ რეგიონში ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი და უნგრეთი მანიპულაციასა და პოლიტიკური პიარის მცდელობაში დაადანაშაულა.

უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უკრაინულ მხარეს არ მიუღია ინფორმაცია, თუ ვინ გათავისუფლდა რუსეთის ტყვეობიდან, ამიტომ სამინისტროში მიიწვევენ უნგრეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს და მისგან ინფორმაციის გარდა მოითხოვენ წვდომას გათავისუფლებულ პირებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ტყვეების დაბრუნება პრიორიტეტულია, მაგრამ მოსკოვი და ბუდაპეშტი პირველად არ „მანიპულირებენ" სამხედრო ტყვეთა მგრძნობიარე საკითხით და „ცინიკურია", როცა ადამიანების გათავისუფლებას აქცევენ პოლიტიკური პიარის ნაწილად უნგრეთში დაგეგმილი არჩევნების წინ.

აპრილში უნგრეთში დანიშნულია პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესისთვის“ მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელმაც ხელისუფლებაში მათი შემდგომი ყოფნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო უნგრეთის მიერ ეთნიკური საკითხით მანიპულაციაც.

  • ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის მთავრობასთან კარგი ურთიერთობები და უარი არ თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე, რაც უნგრეთის მოქალაქეების ინტერესებით ახსნეს.

ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის მოწინააღმდეგეა და ხშირად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას.

უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.

კიევმა განაცხადა, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

  • უნგრეთმა უკრაინის მიმართ პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი, მათ შორის დაფინანსების პრობლემის გამო, საბოლოოდ მხარი დაუჭირა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების 19 პაკეტს.
  • „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა სლოვაკეთთან ერთად დაბლოკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG