შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებულთაგან სამი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს.
შსს-ს ცნობით, სავაჭრო ობიექტებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება“, - წერია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ქურდობისა და ძარცვის (178-ე მუხლის მე-2, მე-3 და 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორია საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი?
საქართველოში მოქმედებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელშიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალურ ასაკად განსაზღვრულია 14 წელი, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის – 16 წელი.
კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა.
რაც შეეხება იმ 14 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაში, მათთვის პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და კოორდინაციას უწევს 14 წლამდე (ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი) ბავშვების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.
არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა
პროკურატურის სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 766 არასრულწლოვნის მიმართ.
ამ სტატისტიკის თანახმად, მოზარდების მიმართ სამართლებრივი დევნა უმეტესად იწყება ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით.
საქართველოს პროკურატურის ბოლო, შემაჯამებელ ანგარიშში თავმოყრილი მონაცემების თანახმად:
2024 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოიყენეს 1084 პირის მიმართ, საიდანაც 674 (62%) არასრულწლოვანი იყო. დანარჩენი 410 (38%) კი, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი.
ამავე 2024 წლის წლის სტატისტიკით, განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 11640-ია.
მათგან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო 674 არასრულწლოვანი (58%) - ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.
2023 წელს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 1010 იყო, საიდანაც განრიდების/განრიდება-მედიაციის პროგრამაში 54% (544 არასრულწლოვანი) ჩაერთო.
არასრულწლოვანთა დანაშაულებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების შესახებ 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში საქართველოს პროკურატურას ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს.
ფორუმი