Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

მოჯტაბა ხამენეი
მოჯტაბა ხამენეი

კვირას ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის დანიშვნას.

56 წლის მოჯტაბა ხამენეი „ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენელთა კენჭისყრის საფუძველზე დაინიშნა და გამოცხადდა ირანის ისლამური სახელმწიფოს წმინდა სისტემის მესამე ლიდერად“, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს თანახმად, სასულიერო პირები „ერთი წამითაც არ დაეჭვებულან“ ახალი ლიდერის არჩევაში მიუხედავად „დამნაშავე ამერიკისა და ბოროტი სიონისტური რეჟიმისა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ისთვის 5 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება მოჯტაბა ხამენეის დანიშვნას და რომ პირადად აპირებს ირანის ახალი ლიდერის შერჩევაში მონაწილეობას.

„ტყუილად კარგავენ დროს. ხამენეის ვაჟი არარაობაა. მე უნდა მივიღო დანიშვნაში მონაწილეობა, ისევე, როგორც დელსის (ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგო. - რედ.) შემთხვევაში,“ თქვა ტრამპმა.

ამასობაში ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მიზანში ამოიღებს ნებისმიერს, ვინც ალი ხამენეის შეცვლის ირანის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე.

ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა. მისი სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.

ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი იყო 1989 წლიდან.

მისი სიკვდილის შემდეგ ირანს დროებით მართავს საბჭო, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ერთად არიან სასამართლო ხელისუფლების მეთაური და „კონსტიტუციის გუშაგთა“ საბჭოს ერთ-ერთი წევრი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG