Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ისევ დაარტყა ირანს, აფეთქებები იყო ბაჰრეინსა და საუდის არაბეთშიც

ისრაელის მიერ ირანის ნავთობსაცავების დაბომბვაზე 8 მარტს იუწყებოდა არაერთი მედიასაშუალება
ისრაელის მიერ ირანის ნავთობსაცავების დაბომბვაზე 8 მარტს იუწყებოდა არაერთი მედიასაშუალება

ისრაელი და აშშ განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. ისრაელმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა ირანზე. ირანმა ისევ შეუტია ისრაელს და სპარსეთის ყურეში ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს.

რა არის ცნობილი 9 მარტის დილისთვის

ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო ირანის ცენტრალურ ნაწილზე. ისრაელის არმიის ცნობითვე, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისევ დაარტყეს ირანის მოკავშირე ჰეზბოლას ობიექტებს. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს აფეთქებებით გამოწვეული კვამლი ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების თავზე.

ბაჰრეინის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სულ მცირე 32 ადამიანი დაშავდა ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად. ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

CNN-ი ბაჰრეინის კომუნიკაციების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით შეტევა იყო სიტრის რაიონზე, სადაც თავდასხმის სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. დაშავებულები არიან ამ ობიექტის მახლობლად მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები. სიტრაში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Bapco. გამოცემა The Times of Israel-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი კვამლია.

ნავთობის საბადოზე დრონებით შეტევის მცდელობის შესახებ იუწყება საუდის არაბეთი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოგერიებულია ოთხი ირანული დრონი, რომლებიც შეიბის უმსხვილესი საბადოსკენ მიემართებოდნენ. საუდის არაბეთმა ირანი გააფრთხილა უდიდესი ზიანის შესახებ, რომელიც არაბულ ქვეყნებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში ემუქრება.

დილით აფეთქებები იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიშიც. თავდაცვის სამინისტრომ აფეთქებები ახსნა ირანული რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობით. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

  • ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.

მსხვერპლი

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად, 28 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, ირანში დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი და 10 000-ზე მეტი დაიჭრა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists in Iran (HRANA, ოფისი აშშ-ში) მონაცემებით, 28 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით ირანში დაღუპულია 1205 სამოქალაქო პირი, მათ შორის სულ მცირე, 194 ბავშვი და 187 სამხედრო.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ 8 მარტს განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად ქვეყანაში დაღუპულია სულ მცირე 394 ადამიანი, მათ შორის 83 ბავშვი. დაჭრილია სულ მცირე 1130.

ისრაელის მონაცემებით, 28 თებერვლიდან ირანის მხრიდან შეტევების შედეგად დაღუპულია ისრაელის სულ მცირე 11 მოქალაქე. საერთო ჯამში, სულ მცირე 14 დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებსაც ირანმა დაარტყა.

შეერთებულ შტატებს დადასტურებული აქვს 8 ამერიკელი სამხედროს დაღუპვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG